მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენადი არველაძემ პარლამენტარებს DCFTA - ის განხორციელების ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა

ეკონომიკის სამინისტრო
12.03.24 18:41
761

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2023 წლის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და განაცხადა, რომ ეს ფაქტი საქართველოს მიერ გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა.

„ეს არის პასუხი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს; ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებაზე, რომ ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენი შემდგომი მიზანია წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო რეფორმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებას. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 65%-ზე მეტთანაა დაახლოებული.

გენადი არველაძის განცხადებით, 2023 წელს საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მინერალური წყალი - 17% - ით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - 46% - ით, სპირტიანი სასმელები - 27% - ით, აზოტოვანი სასუქები - 94% - ით და სხვ. „2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა და 1006 შეადგინა.

შეთანხმების ამოქმედებიდან ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის ცნობადობა და ასევე ბაზარზე შევიდა ისეთი ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, შავი მოცხარი, მოცვი, ვაშლი, კომში, ხილის ჯემი, ტყლაპი, ჩურჩხელა, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები, პლასტმასის ჭურჭელი, თაფლი, თევზის ფქვილი,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მათი ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის კუთხით.

გენადი არველაძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ ვაჭრობის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, ბაზარზე ზედამხედველობის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კომუნიკაციების, საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებებით. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება 2024 წლის სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები