მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი აცნობიერებს, რომ მათი მონაწილეობა განათლების პროცესში მნიშვნელოვანია - გიორგი პერტაია

სავაჭრო-სამრეწველო პალატა
07.12.23 11:20
252

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას განცხადებით, ბიზნესსექტორის ნდობა კოლეჯებისადმი და პროფესიულ განათლებაში მათი ჩართულობა უფრო იზრდება და მოთხოვნადი ხდება. ამის შესახებ პალატის პრეზიდენტმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე - „პროფესიები ბიზნესისთვის“ განაცხადა, რომელიც ბიზნეს სექტორის, კოლეჯების, სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას გიორგი პერტაიამ პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ქვეყანაში გვყავს არაერთი დამსაქმებელი, ვინც სამუშაო ძალას ეძებს და პარალელურად, დასაქმების მაძიებლები. ბიზნესი აცნობიერებს, რომ მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია განათლების პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს სფეროში სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესთან და ქართული რეალობისათვის არატრადიციული სფეროების განვითარებასთან", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისი თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი ბიზნეს კომპანიები საგანმანათლებლო პროცესში უკვე ჩართულები არიან, თანამშრომლობენ პროფესიულ კოლეჯებთან და ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, თუ რა სჭირდება მათ ინდუსტრიას, რათა ახალგაზრდებმა და სამუშაოს მაძიებლებმა არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით განივითარონ შესაბამისი უნარები.

პალატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში შესაბამის სამუშაოს ან საგანმანათლებლო პროგრამას არაერთი ადამიანი იპოვის, ხოლო კომპანიები უნარიანი კადრების მოძიებას შეძლებენ.

ღონისძიება სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და შტუტგარტის პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები