ბიზნესი აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტზე დაწესებული ტარიფის გადახედვას ითხოვს- საუბარია საქპატენტის მიერ შემოღებულ გადასახადზე, რომელსაც ვიდეო აუდიო ტექნიკის ყველა იმპორტიორი კომპანია იხდის. ამ გზით კი ხდება ავტორ შემსრულებლებისთვის ჰონორარის გადახდა, რადგან მათ მიერ შემოტანილ ვიდეო აუდიო ტექნიკით შესაძლოა პოტენციურად ქართველი ავტორების კონტენტის მოსმენა მოხდეს, რაც უნდა ანაზღაურდეს. გადასახადს იმპორტიორები ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას უხდიან, თუმცა ბიზნესი თვლის, რომ პროცესში გამოწვევებია. მათ შორის გასულ კვირას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ უნდა დაკორექტირდეს ტარიფი დღგ-ს წილის პროპორციულად, რადგან ამ გადასახადის გათვალისწინება ტარიფში არ არის თანხვედრაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან. ასევე გამოწვევებს შორის სახელდება ტარიფების ადმინისტრირება, რადგანაც როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, არ ხდება კომპანიების ნაწილის მხრიდან ტარიფების გადახდა, რაც ბიზნესებს არასამართლიან პირობებში აყენებს. ბიზნესის გამოწვევებს გამოეხმაურა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაც, სადაც ამბობენ, რომ ურჩი იმპორტიორების წილი ძალიან მცირეა, კონკრეტულ ქეისებთან მიმართებით კი გაერთიანებას შესაბამისი რეაგირება უკვე ჰქონდა და ამ ნაწილში პრობლემები თითქმის აღარ რჩება.
გადასახადების ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მივმართეთ კითხვებით საქპატენტსაც, სადაც ამბობენ, რომ საქპატენტი არ მონაწილეობს ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების პროცესში და არ აქვს წვდომა მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვინაობისა და რაოდენობის, ასევე, მათ მიერ გადახდილი ჰონორარების თაობაზე. მათი თქმით, საქპატენტს წვდომა აქვს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომლის საჯაროდ ხელმისაწვდომობის ვალდებულებაც აქვს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციას კანონით. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ თუ იმპორტიორი არ გადაიხდის გადასახადს, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ჰონორარის გადახდა.
ტექნიკის იმპორტირებისთვის 2%-მდე გადასახადის ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბერს ბიზნესმა გაასაჩივრა. საკითხზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება, მოდავე მხარე კი მედიასთან თემაზე ჯერ ისევ არ საუბრობს. თუმცა ამ დავის მიღმა დარჩენილი იმპორტიორების ნაწილსაც პრობლემები აქვთ. ups-ის ავტორიზებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, გადასახადს იხდიან, თუმცა შესაძლო სამართლებრივი დავის დაწყებისთვის მოკვლევას აწარმოებენ. გიორგი ქოპილაშვილის თქმით, პრობლემა საგარანტიო მიზნით შემოტანილი პროდუქციის დაბეგვრაა, ანუ საქონელი რომლის რეალიზებაც შესაძლოა საერთოდ არ მოხდეს მაინც იბეგრება. ups-ის მსგავს ქეისებთან მიმართებით ავტორიზებულ ასოციაციაში ამბობენ, რომ ინდივიდუალური მიდგომა აქვთ და ბიზნესის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პრობლემა მოგვარებადია.
რას ამბობენ ბიზნესის წარმომადგენლები, რა გამოწვევები იკვეთება პრაქტიკაში მას შემდეგ რაც ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციამ გადასახადის აკრეფა დაიწყო?
სტუმარი: გიორგი ქოპილაშვილი - Ups-ის ავტორიზებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი;


































