მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესი დღეს საქართველოში დღევანდელი დღით მოქმედებს და ვერ ახერხებს გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას" - მაია გუნცაძე

მაია გუნცაძე

ბიზნესი საქართველოში მოქმედებს დღევანდელი დღით და ვერ ახერხებს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების ჩამოყალიბებას - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ მონიტორინგის, შეფასების და სწავლების პროფესიონალთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ეკონომისტმა მაია გუნცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და პროგნოზირებად კურსს აქვს, რაც ამჟამად საქართველოში გაურკვეველია.

„პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკური კურსი - ეს არის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები, რაც ინვესტორებს აინტერესებთ. დემოკრატიულ, ღია საზოგადოებებში მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონკურენცია, სტაბილურობა და გამჭვირვალე ბიზნესგარემო“, - აღნიშნა გუნცაძემ.

ეკონომისტის შეფასებით, დღეს საქართველოში ბიზნესის მხოლოდ მცირე ჯგუფები ახერხებენ გრძელვადიანად მუშაობას, ხოლო დანარჩენი ნაწილი მოქმედებს მოკლევადიანი მიზნებით, რაც საერთო ეკონომიკურ სურათზეც აისახება.

„ჩვენი ბიზნესსექტორის დაახლოებით 20-25% არის გრძელვადიან პროცესში. დანარჩენი კი თვითგადარჩენის რეჟიმში არიან. პროექტების დაახლოებით 30-35% არის წარმატებული, დანარჩენი კი წარუმატებელი. უნდა ვისწავლოთ ამ წარუმატებლობებისგან და გავაძლიეროთ ანალიტიკური აზროვნება, როგორც ბიზნესში, ასევე ხელისუფლებაში“, - აღნიშნა მაია გუნცაძემ.

მისივე თქმით, უცხოური ინვესტიციების ნაკადიც შემცირებულია, რაც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და საქართველოს გაურკვეველ საგარეო პოზიციონირებას უკავშირდება.

„ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, სად დგას ქვეყანა - რა ეკონომიკური რეალობა აქვს, რამდენად ღიაა ბაზარი და მარტივია რეგულაციები. დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვისვამენ კითხვებს და ითხოვენ, ვიყოთ მეტად აქტიურები. ეს ინვესტორისთვის სერიოზული სიგნალია“, - დასძინა გუნცაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია სტრატეგიული ანალიზის დანერგვა, რათა ქვეყანამ შეძლოს არა მხოლოდ მიმდინარე ინვესტიციების ეფექტურად მართვა, არამედ ახალი ინვესტორებისთვის მიმზიდველი და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები