მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბიზნესი იმარჯვებს ყოველთვის, შედეგებიდან ვხედავთ, რომ საქმეს მხოლოდ გენგეგმა არ შველის”- მერაბ გუჯეჯიანი

მერაბ გუჯეჯიანი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია მუნიციპალიტეტებისთვის არსებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადატანა – 2028 წლის ნაცვლად, 2035 წლის 31 დეკემბრამდე.

არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი აცხადებს, რომ დღეს გენგეგმების დამტკიცების პროცესს მხარეების შეუთანხმებლობა აფერხებს, თუმცა მიღმა ამისა, მთავარი გამოწვევა უკვე დამტკიცებული დოკუმენტების აღსრულებაა. მისი თქმით, საკრებულოს უფლება აქვს უკვე დამტკიცებული გენგეგმა შეცვალოს, შესაბამისად, ბიზნესები ამას იყენებენ და მასშტაბურ სასტუმრო კომპლექსებს აშენებენ, რაც კურორტების არქიტექტურას სრულად არღვევს. გუჯეჯიანი აქედან გამომდინარე თვლის, რომ პრობლემა კანონში შეტანილი ცვლილებებით ვერ მოგვარდება.

“არის დამტკიცებული დოკუმენტები, მაგრამ ამ დოკუმენტებს მაინც არ იცავენ. მცირე რაოდენობის ჯარიმებია დაწესებული, რომლის გვერდის ავლის უამრავი მაგალითია. მაგალითად, გოდერძის უღელტეხილზე სათხილამურო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე დამტკიცებულია გერგე. იქ უნდა ყოფილიყო შალის ტიპის განაშენიანება, კოტეჯებიც, რომელიც იგნორირებული იქნა საკრებულოს მიერ. გარკვეული ბიზნესების ინტერესებისთვის.

გასაგებია, რომ ბიზნესმენს ურჩევნია ერთი დიდი სასტუმრო ააშენოს მისთვის. უფრო მოგებიანი არის. ჩვენი კანონმდებლობით საკრებულოს აქვს უფლება, რომ მოიწვიოს კრება და მისი უმრავლესობით გააუქმოს დამტკიცებული გერგე და შეიტანოს ცვლილება ამ გენგეგმაში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ამ სათხილამურო კურორტზე ერთი დიდი სასტუმრო ჩაიდგა, რომელმაც დაარღვია ლანდშაფტი, მორფოლოგია, მთელი არქიტექტურა. უკვე რაც არ უნდა მოვუაროთ იქაურობას, ეს ერთი დიდი სასტუმრო უკვე ანგრევს იმ მოცემულობას, რომელიც იყო ნამუშევარი, ფული ხომ იყო დახარჯული შემუშავებულ გერგეზე?

მოკლედ, ბიზნესი იმარჯვებს ყოველთვის და ახლა ჩემი ნება რომ იყოს, მთელ ქვეყანაში გამოვაცხადებდი მორატორიუმს, იმიტომ, რომ შედეგებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ საქმეს მხოლოდ გენგეგმა არ შველის,”- ამბობს არქიტექტორი მერაბ გუჯეჯიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები