ბიზნესი მთავრობას CFD კონტრაქტების გავრცელებას ენერგიის დამგროვებელი სადგურების მშენებლობაზეც სთავაზობს. ასეთი ტიპის პროექტებზე CFD მექანიზმის გავრცელება სავარაუდოდ, მეორე აუქციონის ფარგლებში მოხდება.
ენერგიის შემნახველი სადგურების მშენებლობა საქართველოს ენერგობაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ელემენტად მიაჩნია „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და წლებია ამ ტიპის პროექტების საჭიროებაზე საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმებშია საუბარი.
ასეთი სადგურები უზრუნველყოფენ მოხმარების გრაფიკის გათანაბრებას, ასევე გაზრდილი პიკური მოხმარების დაფარვის შესაძლებლობას, ენერგოსისტემის დაბალანსებას, როგორც ჭარბი მოხმარების (მაღალი პიკები, გენერაციის დაკარგვა), ასევე ჭარბი გენერაციის (ქარის უეცარი ამოვარდნა, მოხმარების დაკარგვა) დროს.
როგორც „საქმის კურსთან“ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა მეორე აუქციონის ფარგლებში პროექტებს შორის იქნება მარეგულირებელი ტიპის, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებიც.
„ძალიან დიდია ინვესტორების დაინტერესება სიმძლავრის მეორე აუქციონის მიმართ პირველი აუქციონი საკმაოდ წარმატებული იყო. გამარჯვებული 27 პროექტიდან 20-თან უკვე გაფორმებულია მემორანდუმი და დარჩენილია მხოლოდ 7. ეს არ იყო მარტივი პროცესი. მოგეხსენებათ, ეს იყო პირველი აუქციონი და რა თქმა უნდა, პრაქტიკაში იყო გამოწვევები, რომელიც გადალახულ იქნა. 22 ნოემბერს შედგა შეხვედრა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს (ეკონომიკის სამინისტროს) წარმომადგენლებს შორის, სადაც განვიხილეთ ყველა ის გამოწვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი აუქციონის დროს. ახლა არის საუბარი უკვე მარეგულირებელი ტიპის, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა. უკვე მივიღეთ წინადადებები, მოვახდინეთ მისი აკუმულირება და მივაწოდეთ სამინისტროს იმისათვის, რომ კერძო სექტორის ხედვები გაითვალისწინოს მეორე აუქციონის პირობების შემუშავებისას. წყალსაცავიანი ჰესების გარდა, გაჟღერდა კიდევ ერთი ინიციატივა - ეს არის ენერგოდმაგროვებლები, რაც სამინისტროს არ ჰქონდა დღის წესრიგში. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობაც მივეცით და მეორე აუქციონი უფრო წარმატებული იყოს ვიდრე პირველი“, - ამბობს მაია მელიქიძე. როდის გამოცხადდება მეორე აუქციონი კონკრეტული თარიღი უცნობია.
„ამ თარიღს სამინისტრო წყვეტს და კერძო სექტორი არ არის ჩართული. როდესაც მათი მხრიდან იქნება მზაობა იმისათვის, რომ კრიტერიუმები იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ, ნათლად, გასაგებად და მისაღებად კერძო სექტორისთვის მხოლოდ მაშინ გამოცხადდება აუქციონი“, - ამბობს მაია მიქელაძე.