წაბლის სეზონი უკვე დაიწყო. რეგიონების აგრარულ ბაზრებში წაბლის ჩასაბარებელი ფასი 4 ლარია, დახლებზე კი 6-10 ლარი ღირს.
"თხილიანი ველის" დამფუძნებელი, იამზე ვერულაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ შესყიდვები ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ახალი მოსავალია, რომელსაც მაღალი ფასი აქვს.
"ახალი წაბლი გურიისა და იმერეთის ბაზრებში საშუალოდ 4 ლარი ღირს, რაც მაღალი ფასია და ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ჩვენთან წაბლს ის ხიბლი აქვს, რომ მას მოყვანა, მოვლა და შეწამვლა არ სჭირდება. ტყის ნობათია, რომელსაც ფერმერებისგან ვიბარებთ და შესაბამისად, ფასიც დაბალი უნდა იყოს.
მას შემდეგ, რაც მასობრივად შემოვა, წესით ფასმაც უნდა დაიწიოს. ჩვენ ექსპორტზე ვმუშაობთ და ამ ფასად რომ ვიყიდოთ, ფიზიკურად ვერ გავყიდით, რადგან ჩინური წაბლის ფასი დაახლოებით 2.5 ევროა და ჩვენს წაბლს აღარავინ იყიდის", - განაცხადა იამზე ვერულაშვილმა.
მისივე თქმით, წელს, წლის დასაწყისში შემცირებული ექსპორტი იმის დამსახურებაა, რომ 2023 წლიდან დარჩენილ წაბლს მაღალი ფასი ჰქონდა, ამ ფასად შესყიდვა კომპანიებმა ვერ შეძლეს და და არა ერთმა ფერმერმა და კომპანიამ იზარალა, რადგან წაბლი დაულპათ.
რაც შეეხება წაბლის იმპორტს, წელს საქართველომ 42.5 ათასი აშშ დოლარის წაბლი იყიდა. ერთადერთი იმპორტიორი ჩინეთია. ისევე, როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, როცა საქართველოში 71 ათასი აშშ დოლარის 51 ტონა წაბლი შემოვიდა.
წაბლის ექსპორტი 60%-ით შემცირდა - რა ღირს ბაზარზე ახალი წაბლი?