2024 წელს საქართველოდან წაბლის ექსპორტი 60%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 8 თვეში საქართველომ 225.1 ათასი აშშ დოლარის 194.2 ტონა წაბლი გაყიდა. მიმდინარე წელს კი, 89.9 ათასი აშშ დოლარის 72.8 პროდუქცია.
როგორც გასულ, ისევე მიმდინარე წელს საექსპორტო პერიოდი იანვარი-მარტი იყო. 2024 წელს ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელდა.
საქართველომ აზერბაიჯანში 87.5 ათასი აშშ დოლარის 71.2 ტონა წაბლი გაყიდა. სომხეთში კი, 2.4 ათასი აშშ დოლარის 1.6 ტონა.
ზუსტად ანალოგიური იყო წაბლის ექსპორტის გეოგრაფია 2023 წელის 8 თვეშიც. გასაღების მთავარი ბაზარი აზერბაიჯანი გახლდათ. განსხვავება ისაა, რომ შარშან ექსპორტი 3 ქვეყანაში განხორციელდა. 1 ტონა წაბლი გაიყიდა რუსეთში.
რაც შეეხება 2023 წელს 12 თვის ჭრილში, საქართველოდან 911.1 ათასი აშშ დოლარის 718.3 ტონა წაბლი გაიყიდა 5 ქვეყანაში.
- აზერბაიჯანი - $449.6 ათასის 392.5 ტონა;
- რუსეთი - $276.9 ათასის 199.1 ტონა;
- სომხეთი - $78.9 ათასის 84.3 ტონა;
- იტალია - $55.3 ათასის 21.4 ტონა;
- საბერძნეთი - $50 ათასის 20.5 ტონა.
"თხილიანი ველის" დამფუძნებელი, იამზე ვერულაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ შესყიდვები ჯერ არ დაუწყიათ, რადგან ახალი მოსავალია, რომელსაც მაღალი ფასი აქვს.
"ახალი წაბლი გურიისა და იმერეთის ბაზრებში საშუალოდ 4 ლარი ღირს, რაც მაღალი ფასია და ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ჩვენთან წაბლს ის ხიბლი აქვს, რომ მას მოყვანა, მოვლა და შეწამვლა არ სჭირდება. ტყის ნობათია, რომელსაც ფერმერებისგან ვიბარებთ და შესაბამისად, ფასიც დაბალი უნდა იყოს.
მას შემდეგ, რაც მასობრივად შემოვა, წესით ფასმაც უნდა დაიწიოს. ჩვენ ექსპორტზე ვმუშაობთ და ამ ფასად რომ ვიყიდოთ, ფიზიკურად ვერ გავყიდით, რადგან ჩინური წაბლის ფასი დაახლოებით 2.5 ევროა და ჩვენს წაბლს აღარავინ იყიდის", - განაცხადა იამზე ვერულაშვილმა.
მისივე თქმით, წელს, წლის დასაწყისში შემცირებული ექსპორტი იმის დამსახურებაა, რომ 2023 წლიდან დარჩენილ წაბლს მაღალი ფასი ჰქონდა, ამ ფასად შესყიდვა კომპანიებმა ვერ შეძლეს და და არა ერთმა ფერმერმა და კომპანიამ იზარალა, რადგან წაბლი დაულპათ.