მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი წყალივით არის - ის ყოველთვის მონახავს გასასვლელს"|ქეთი ქვარცხავა

ქეთი ქვარცხავა

იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორის, ქეთი ქვარცხავას შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ბიზნესსექტორი ახალ რეალობასთან ადაპტირებას ახერხებს. როგორც BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ქეთი ქვარცხავამ განაცხადა, კაპიტალი და ბიზნესპროცესები კრიზისულ პერიოდებშიც კი, პოულობენ განვითარების გზებს.

"ადრეც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ: ბიზნესი წყალივით არის, ის ყოველთვის მონახავს გასასვლელს. გარკვეულწილად, სიტუაცია დაბალანსდა. აღარ არის იმის მოლოდინი, რომ ისეთი რამ მოხდება, რაც ბიზნესს ქვეყნიდან სასწრაფოდ გაქცევას აიძულებს", - აცხადებს ქეთი ქვარცხავა.

მისი განმარტებით, თამაშის წესებსა და გარემო პირობებში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, ბიზნესი გაურკვევლობიდან სტაბილიზაციის ფაზაში გადადის და საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობებს პოულობს.

BLC-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ ინვესტორთა ინტერესი მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონიდან არ არის კონცენტრირებული. მიუხედავად დისკუსიებისა, აზიურ ვექტორზე გადანაცვლების შესახებ, მოთხოვნა მრავალფეროვანი გეოგრაფიული ლოკაციებიდან მოდის.

"აზიიდან ინტერესი ნამდვილად არსებობს, თუმცა პროცესი ცალმხრივი არ არის - პარალელურად ნარჩუნდება ინტერესი სხვა საერთაშორისო ბაზრებიდანაც. რაც შეეხება სექტორებს - განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება ფინანსურ სფეროში. ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოთამაშეებისთვის შეთავაზებულმა ახალმა პროდუქტებმა დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია. ასევე, უძრავი ქონება და მშენებლობა კვლავ ინარჩუნებს ზრდის დინამიკას და ეკონომიკაში დოვლათის შექმნის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ რჩება. შესაბამისად, ინტერესი ამ სფეროებზეც არის”, - აღნიშნა მან.

“წერტილთან” ინტერვიუში BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ისაუბრა FDI-ის სტატისტიკაზეც, რომელსაც ზედიზედ ორი კვარტალია კლებადი ტენდენცია აქვს - 6 თვეში საქართველოში სულ 750 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 21%-იან კლებას ნიშნავს.

ქეთი ქვარცხავას აზრით, FDI-ს კლება საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ თავისებურებას უკავშირდება და არა მხოლოდ მიმდინარე კრიზისებს.

საქართველოს FDI ტრადიციულად დამოკიდებულია ცალკეულ მსხვილ ინიციატივებზე; როდესაც ქვეყანაში სულ 1.5–2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შედის, ერთი 500-მილიონიანი ან 300-მილიონიანი პროექტი (მაგალითად, ფინანსურ ან ენერგეტიკულ სექტორში) საერთო მაჩვენებლის მესამედს ქმნის. ასეთი პროექტის დასრულების შემდეგ სტატისტიკური კლება თვალსაჩინო ხდება… მანამ, სანამ ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანაბრად და მუდმივად არ შევა, FDI-ის მერყეობა ხან ზევით, ხან კი ქვევით გაგრძელდება", - აღნიშნა მან.

ქეთი ქვარცხავას განცხადებით, ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ინვესტიციები არ იქნება დამოკიდებული 1-2 მასშტაბურ ბიზნეს გარიგებაზე.

“მაგალითად, თუ საქართველო პოზიციონირდება როგორც რეგიონული IT/ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც მცირე და საშუალო ზომის მრავალი საერთაშორისო პროექტი შემოვა (აშშ-იდან, ევროპიდან და ა.შ.), FDI-ის მაჩვენებელი სტაბილური გახდება და ცალკეული პროექტების დასრულება მკვეთრ რყევებს აღარ გამოიწვევს”, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები