ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ბიზნესი კვლავ საქმიანობის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ასახელებს, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” (BAG) ინდექსიდან ხდება ცნობილი.
ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 14-28 თებერვლის მონაკვეთში, შესაბამისად, კვლევა სრულად ვერ ასახავს იმ ნეგატიურ ეფექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია, გლობალურ და მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე.
“საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2022 წლის I კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხული ბიზნესის 62% საუბრობს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
ბიზნესისთვის საქმიანობის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. მესამე და მეოთხე ადგილზე კი სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა იკვეთება. აღსანიშნავია, რომ როგორც სპეციალისტების, ასევე, ზოგადად, სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა კვარტლიდან-კვარტლამდე მწვავდება გასული წლის დასაწყისიდან მოყოლებული.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვარტალში, 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა კომპანიების წილი, რომლებიც მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელ ფაქტორად. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უკვე ორი კვარტლის განმავლობაში ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის აღარ სახელდება ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხი,”- ნათქვამია BAG ინდექსში.




























