ჰაწვალზე მდებარე საოჯახო ტურისტული ობიექტი „შალე ჰაწვალი“ ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს. 2027 წლის ზაფხულის სეზონიდან კომპანია დამატებითი განთავსების სივრცის ამოქმედებას აპირებს, რის შედეგადაც ობიექტი ერთდროულად 12-დან 15-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს.
როგორც „შალე ჰაწვალის“ დამფუძნებელმა ბარბარა უდესიანმა BMG-ის ეთერში "ქალების ნარატივი" განაცხადა, საოჯახო ბიზნესის განვითარება 2023 წელს კვების ობიექტით დაიწყო. თავდაპირველად ბიზნეს იდეა ჰაწვალზე არსებული კვების ინფრასტრუქტურის დეფიციტს უკავშირდებოდა, თუმცა სტუმრების მხრიდან განთავსების სერვისზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კომპანიამ საქმიანობა ამ მიმართულებითაც გააფართოვა.
„შალე ჰაწვალი“ მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მიმდებარედ მდებარეობს. ობიექტის ტერიტორიაზე საბაგიროს გამშვები პუნქტიც არის განთავსებული, ხოლო მის ეზოზე საფეხმავლო ბილიკი გადის, რაც დამსვენებლების მუდმივ ნაკადს განაპირობებს.
„პირველ რიგში, ჩვენი იდეა იყო კვების ობიექტი, რომლითაც დავიწყეთ. ზამთრის კურორტზე ძალიან ბევრი დამსვენებელია, თუმცა ამ ტერიტორიაზე კვების ობიექტები თითქმის არ იყო. იყო მხოლოდ ერთი, რომელიც გადატვირთვის შემთხვევაში სტუმრებს სათანადოდ ვერ ემსახურებოდა და ხალხი მშიერი და მწყურვალი რჩებოდა. შესაბამისად, პირველი იდეა კვების ობიექტის შექმნა იყო და პირველივე სეზონზე ძალიან ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ. უკვე იმავე წლიდან გაჩნდა კითხვები განთავსების შესაძლებლობაზეც – ჰქონდათ თუ არა თავისუფალი ორადგილიანი ნომერი. იმდენად ხშირი იყო ეს მოთხოვნა, რომ გადავწყვიტეთ, კვების სერვისისთვის განთავსებაც დაგვემატებინა“, - აცხადებს ბარბარა.
მისივე ინფორმაციით, განთავსების ობიექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გაიხსნა. მეორე სართულზე მოწყობილი სივრცე ორი საძინებლის, მისაღებისა და აბაზანისგან შედგება და მთლიანად ერთი ოჯახის ან სამეგობროს განკარგულებაშია.
რაც შეეხება კვების ობიექტს, მას ერთდროულად დაახლოებით 100 ადამიანის მომსახურება შეუძლია. ეს მაჩვენებელი მოიცავს როგორც შიდა სივრცეს, ისე ღია და დახურულ ტერასებსა და ეზოს.
დამფუძნებლის განმარტებით, ზაფხულის სეზონზე განთავსების სერვისმა მოლოდინს გადააჭარბა და მაღალი მოთხოვნის გამო ბიზნესმა უკვე დაიწყო დამატებითი სივრცის მოწყობა.
„შარშან დავიწყეთ და წელს დავასრულეთ იზოლირებული სივრცე, რომელიც ორი საძინებლისგან, მისაღებისა და აბაზანისგან შედგება. მისი დაქირავება შეუძლია ერთ ოჯახს ან სამეგობროს, რომელიც სივრცეს სრულად თავის განკარგულებაში იღებს. ამ წელს ამ ყველაფერმა ძალიან კარგად იმუშავა, ამიტომ მეორე ნაწილის დამატებაც უკვე დაწყებული გვაქვს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, აღარ დავაყოვნოთ და მომავალი სეზონისთვის მზად გვქონდეს. მომავალი წლის ზაფხულიდან დაახლოებით 12-დან 15 ადამიანამდე მასპინძლობას შევძლებთ“, - ამბობს ბარბარა.
მისივე შეფასებით, ჰაწვალზე ვიზიტორთა ნაკადი მხოლოდ ზამთრის სეზონით არ შემოიფარგლება. ზაფხულში კურორტი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებს იზიდავს, შემოდგომაზე კი მოთხოვნას ბუნებრივი ლანდშაფტი და საფეხმავლო მარშრუტები განაპირობებს.
„ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო, რომ გახსნის დღიდანვე ზაფხულის სეზონზე სრული დატვირთვით ვიმუშავეთ. დღემდე არ შეწყვეტილა სტუმრების ნაკადი, რადგან შემოდგომაც ძალიან ლამაზია. აქ არის ტყე, ფოთლოვანი ტყე და ამ პერიოდში მართლაც გამორჩეული ხედები იშლება. ვფიქრობ, რომ ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს იმას, რომ დამსვენებელი მთელი წლის განმავლობაში გვყავდეს“, - აღნიშნავს „შალე ჰაწვალის“ დამფუძნებელი.























