სოფლის მეურნეობის ბიზნესის ბრუნვამ 2022 წელს 915.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამურად ბიზნეს სექტორის ბრუნვის მხოლოდ 0.7%-ია. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggar-ის მიერ გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის შედეგებში წერია, რომ სექტორში არსებული 2,700 კომპანიიდან მხოლოდ 7 არის მსხვილი და 32 საშუალო ზომის. შინამეურნეობების წილი სოფლის მეურნეობაში მაღალია, რაც სექტორის გამსხვილების პოტენციალზე მიუთითებს.
„ბიზნესის ზრდის პოტენციალი მაღალია ყველა ქვესექტორში როგორც შინამეურნეობების ჩანაცვლების, ასევე კომპანიების გამსხვილების და ახალი საწარმოების შექმნის ხარჯზე“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
2022 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის ბიზნესის ბრუნვა 915.5 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც 50.7% მოდის მეცხოველეობის დარგზე, 16.7% მრავალწლოვან კულტურებზე, 12.5% ერთწლოვან კულტურებზე, 7.3% აკვა კულტურაზე, ხოლო დანარჩენი 12.8% დამხმარე მომსახურებებზე მოდიოდა.
სოფლის მეურნეობაში 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით 2 700 კომპანია ოპერირებდა. აქედან 611 მეცხოველეობის მიმართულებით, 621 მრავალწლოვანი კულტურები, 328 ერთწლოვანი კულტურების, 147 აკვაკულტურაში, ხოლო 1 025 სხვადასხვა მიმართულებით.
ამასთან სოფლის მეურნეობის ბიზნესში მცირე საწარმოები სექტორის ძირითადი მოთამაშეები არიან. თითქმის 916 მილიონიან ბრუნვაში 226 მლნ ლარი მსხვილ საწარმოებზე მოდიოდა, 247 მლნ საშუალოზე, ხოლო 442 მლნ ლარი - მცირე წარმოებებზე.