"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალის ბიზნესს სექტორის ეკონომიკურმა პარამეტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის ფუნდამენტური ფაქტორების მდგრადობა.
„ეს არის ბიზნესს სექტორის ბრუნვა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.5%-ით გაიზარდა და 60 მლრდ ლარს გადააჭარბა, ასევე ბიზნესს სექტორის გამოშვება - ამ მიმართულებით 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 23.2 მლრდ ლარს გაუტოლდა. ნიშანდობლივია ის სექტორები, რომლებიც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს - სწორედ აქ ფიქსირდება გამოშვების ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლები: ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულება, სადაც თითქმის 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და დასაწყობება“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილი ასევე ამბობს, რომ ბიზნესს სექტორის ზრდის მაჩვენებლებში ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების პარამეტრია - სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.3%-ით - 25.8 ათასით გაიზარდა და შესაბამისი კვარტალის ჭრილში 795.6 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, ასევე გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 212 ლარით.
„ეს ყველაფერი ერთობლიობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობაში ყველაზე მაღალი წილი, 35% (დაახლოებით 21 მილიარდი ლარი) ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33%-იანი წილით (19.8) მილიარდი ლარით. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის შესაბამის პერიოდში ბიზნესს სექტორში ყველაზე მაღალი ბრუნვა (34.5%) ვაჭრობას ჰქონდა, რაც დაახლოებით 18.5 მლრდ ლარი იყო. აზარტული თამაშები ხელოვნება, გართობა, დასვენების სექტორში შედის და მთავარი წილი უჭირავს ამ სექტორში. 2018 წლიდან აზარტული თამაშების ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.




























