მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმსჯელეთ ქართული პროდუქციის ჩინურ ქსელებში უფრო ცენტრალიზებულად მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა შანხაიში მეცხრედ ტარდება. საქართველო გამოფენაზე წელსაცაა წარმოდგენილი, ამჯერად 40-მდე კომპანიით.

„წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაიმართა მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან, სადაც ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სამი თემატური პავილიონითაა წარმოდგენილი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წელს გამოფენის ფარგლებში ორგანიზებული სპეციალური ღონისძიების ფორმატში ქართული და ჩინური კომპანიების ორმხრივი შეხვედრები შედგა.

„პირველად გამოფენის ისტორიაში გავმართეთ სპეციალური ღონისძიება, სადაც ორმხრივ ფორმატში 50-მდე ჩინური კომპანია ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს ქართველ მეწარმეებთან, რათა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინურ ბაზარზე“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ნადარეიშვილი, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილეს იანგ ტუნგშენგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰოლდინგის Bailian Group-ის ვიცე-პრეზიდენტ ში სიაოლუნგთან შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხი განიხილა. ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდა ასევე კომპანია Orient International Group-ის წარმომადგენლებს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტექსტილისა და წარმოების მიმართულებით საქმიანობს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დისტრიბუციის შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების სფეროში შესაძლო საინვესტიციო თანამშრომლობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები