შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები პირველად გაიმართა. ინვესტიციების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრები სააგენტომ დააორგანიზა.
"სააგენტოს ინიციატივით, გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენას საქმიანი შეხვედრების ფორმატიც დაემატა, რომლის მიზანი ქართველ მწარმოებლებსა და ჩინელ მყიდველებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაა.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა. მან მონაწილეებს საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა", - წერია სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინურ ელექტრონული კომერციის კომპანია JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) გაფორმდა. სააგენტოს მხრიდან დოკუმენტს ხელი თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა მოაწერა.
ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, B2B შეხვედრების ორგანიზება ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
























