მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესის ჩართულობით სწორი ფორმულა უკვე გვაქვს" - მინისტრი კადრების დეფიციტის მოგვარებაზე

გიორგი ამილახვარი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელსაც ბიზნესი ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევს.

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ შრომის ბაზართან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა ბიზნესის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას როგორ წარმოუდგენია სახელმწიფოს კადრების დეფიციტის პრობლემის გადაჭრა.

“უახლოეს დღეებში წინასწარ არ მაქვს უფლება კონკრეტული თარიღი დავასახელო, საჯარო პრეზენტაციას გავმართავთ, სადაც ზუსტად ვუპასუხებთ ამ კონკრეტულ საკითხს, რომელზეც ამ კვლევაში წერია. ანუ როგორ შევძლებთ იმ ადამიანური კაპიტალის პირობებში [რაოდენობას ვგულისხმობ], აღვჭურვოთ ადამიანები იმ უნარებით, რომელიც შემდეგ ბიზნესისთვის ხელსაყრელი იქნება. ყველას გვესმის, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე ძალიან რთული ხდება ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება. სწორი ფორმულა ბიზნესის ჩართულობით უკვე გვაქვს და ძალიან ინოვაციურ და ხელსაყრელ შეთავაზებას გავუკეთებთ ბიზნესს. კერძოდ, როგორ უნდა ჩაერთონ ისინი პროფესიულ განათლებაში. ვიმეორებ, უახლოეს დღეებში საჯარო პრეზენტაციას, სადაც ცნობილი გახდება სამინისტროს მიდგომა თუ როგორ ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან", - აცხადებს ამილახვარი.

რაც შეეხება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებში მიმღებ პირთებს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი, ამილახვარი ამბობს, რომ შრომის ბაზრის რეფორმაში ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ ჩართულნი. 

ასე უპასუხა მან კითხვას სამუშაო ძალის დეფიციტის ფონზე რამდენად ეფექტიანია სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა. სექტემბრის მდგომარეობით პროგრამით დასაქმებულთა რიცხვი 40 ათასს აჭარბებს, ხოლო ბიუჯეტში 80 მლნ ლარია განსაზღვრული.

“ამ კატეგორიის ადამიანებსაც ვააქტიურებთ ამ ნაწილში და მოაზრებულებიც არიან, რადგან მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ მოთხოვნა-მიწოდების აღმოფხვრა, რის შესახებაც ამ კვლევაშია საუბარი", - აცხადებს განათლების მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები