ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლამდე გადავადდება - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულების მოთხოვნას მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებდა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1 იანვრამდე ყველა კომპანიას საკუთარი სარეგისტრაციო მოთხოვნა ახალი კანონის შესაბამისად უნდა განეახლებინა, თუმცა, კერძო სექტორის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა მიზეზების გამო ხელახალი რეგისტრაცია განხორციელებული არ აქვს, რის გამოც დარჩენილ ერთ თვეში ასიათასობით იურიდიული პირის რეგისტრაცია ვერ მოესწრებოდა, ამიტომაც მთავრობამ მოთხოვნის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.
"შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან
შესაბამისობა დარეგისტრირდა 16 667 სუბიექტის შემთხვევაში.
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი 776 375 სუბიექტის მონაცემები, მათ შორისაა:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 288 191;
სააქციო საზოგადოება – 2 691;
კომანდიტური საზოგადოება – 153;
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 2 846;
კოოპერატივი – 4 192;
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – 27 929;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 47;
ინდივიდუალური მეწარმე – 448 378;
უცხოური საწარმოს ფილიალი – 1 761;
უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი – 186.
ამდენად, რეგისტრირებულ საწარმოთა მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს
უზრუნველყოფილი თავისი სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა
და ნათელია, რომ საწარმოების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების ტემპისა და
დარჩენილი საწარმოების რაოდენობის გათვალისწინებით, 2024 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ,
დამატებით 3-თვიან ვადაში, ყველა მსურველი საწარმო რეგისტრაციის მონაცემებში შესაბამისი
ცვლილების განხორციელებას ვერ მოასწრებს.
სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად წარმოდგენილი კანონპროექტი,
რომელიც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს საწარმოებისთვის შესაძლებლობის შენარჩუნებას
შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი სარეგისტრაციო მონაცემები კანონის მოთხოვნებთან,
რისთვისაც გონივრულ ვადად მიჩნეულ უნდა იქნეს 1 წელი, რაც საკმარისი იქნება ამის რეალურად
მსურველი ყველა საწარმოსთვის შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება. მეორე მხრივ, აჩენს
რეალურად არაფუნქციონირებადი და ფაქტობრივად არარსებული საწარმოების გამოვლენისა და
გაუქმების მექანიზმს, მეწარმეთა რეესტრის დაზუსტების მიზნით,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.