მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიომეტრიული პასპორტი - ყველაფერი, რაც მის აღებამდე უნდა გავითვალისწინოთ

პასპორტი
02.03.24 22:10
24692

21-ე საუკუნის მჭიდროდ დაკავშირებულ და სულ უფრო გლობალიზებულ სამყაროში პასპორტი მეტად მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტი გახდა. გარდა იმისა, რომ ის სახელმწიფოს მიერ გაცემული ოფიციალური მოწმობაა, რომელიც მფლობელის ვინაობასა და მოქალაქეობას ადასტურებს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობის შესაძლებლობას განიჭებთ.

როგორც წესი, პასპორტი შეიცავს ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა: მფლობელის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, ხელმოწერა და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები. შეიძლება ითქვას, რომ პასპორტის ყველაზე აშკარა ფუნქცია სწორედ საერთაშორისო მოგზაურობის ხელშეწყობაა. ამ ოფიციალური დოკუმენტის გარეშე საზღვრების გადაკვეთა თითქმის შეუძლებელია.

რა მნიშვნელობა გააჩნია ბიომეტრიულ პასპორტს?

პასპორტი, როგორც სახელმწიფოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. ის ხელს უწყობს საზღვრებს მიღმა მოგზაურთა ნაკადების მონიტორინგს, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო დანაშაულებთან, მაგალითად, ტერორიზმთან, ადამიანებით ვაჭრობასა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლას უწყობს ხელს. ბიომეტრიული ინფორმაციით აღჭურვილი თანამედროვე პასპორტები მოგზაურთა ვინაობის მაქსიმალური სიზუსტით გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, ბიომეტრიული პასპორტი ერთგვარი მოწმობაა, რომელიც წარმოადგენს ცნობას, რომლის საფუძველზეც საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს თავისი სახელმწიფო დაიცავს. ისეთი მოვლენების დროს როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფები, პოლიტიკური არეულობები ან გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები, პასპორტი შესაძლებლობას გაძლევთ დახმარების თხოვნით მიმართოთ საკონსულოს.

ამ ოფიციალური დოკუმენტის ქონა კანონიერი და სავალდებულო მოთხოვნაა საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს. შესაბამისად, პასპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია სამოგზაურო კანონების დაცვაა, რაც ხელს უწყობს გლობალური მიგრაციის მთლიანობის შენარჩუნებას.

ვის შეუძლია ბიომეტრიული პასპორტის აღება?

ბიომეტრიული პასპორტის აღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის. დოკუმენტის მიღების მიზეზი კი ქვეყნის დატოვებაა. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა პასპორტის დამზადება შეძლოს, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან პირებზე. 18 წელს მიღწეულებს პასპორტის მიღების მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთება პირადად, მეურვის გარეშე შეუძლიათ. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საქმე არასრულწლოვან პირს ეხება, მაშინ ოფიციალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადი უნდა გააკეთოს კანონიერმა წარმომადგენელმა, იგულისხმება მშობელი, მეურვე ან მზრუნველი. მიუსაფარი ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში კი განაცხადს წარადგენს მეურვეობის/მზრუნველობის ორგანო.

წარსადგენი დოკუმენტაცია, რომელიც პასპორტის მისაღებად დაგჭირდებათ

ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად დაინტერესებულ სრულწლოვან პირს სულ რამდენიმე დოკუმენტი დასჭირდება, ესენია: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბიომეტრიული ფოტოსურათი და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

რაც შეეხება არასრულწლოვან პირს, ამ შემთხვევაში წარსადგენ დოკუმენტთა სია შემდეგნაირია: არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, ბიომეტრიული ფოტოსურათი. იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი პირი 14 წელსაა მიღწეული, მან უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი პირი 16 წლისაა პასპორტის მიღებაზე მას სჭირდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ხოლო 16-დან 18 წლამდე მოზარდებისათვის ერთ-ერთი წარმომადგენლის თანხმობაც საკმარისია.

რა ვადით გაიცემა და როდის არის აუცილებელი ბიომეტრიული პასპორტის შეცვლა?

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტი 18 წელს მიღწეული პირისათვის 10 წლის, ხოლო არასრულწლოვანისათვის 3 წლის ვადით გაიცემა.

არსებობს გარკვეული შემთხვევები, როცა ოფიციალური დოკუმენტის შეცვლის აუცილებლობა დგება. მაგალითად, პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას შესაბამის დაწესებულებებს ახლის დამზადების მიზნით აუცილებლად უნდა მიმართოთ. ამასთანავე, თუკი ბიომეტრიულ პასპორტში რაიმე სახის უზუსტობას აღმოაჩენთ ან სახელს/გვარს შეიცვლით, დოკუმენტის შეცვლის მოთხოვნით დაუყოვნებლივ გააკეთეთ განაცხადი. პასპორტი შევლას ექვემდებარება მაშინაც თუ მასში ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების რაოდენობა ამოიწურება, დოკუმენტი დაზიანდება ან გაიცვითება.

პასპორტის ფასები 2024 წელს

ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანისათვის 150 ლარს შეადგენს და დოკუმენტი 10 სამუშაო დღის ვადაში მზადდება. იმ შემთხვევაში თუ გსურთ, ვადა შეამციროთ და 5 სამუშაო დღის განმავლობაში აიღოთ, მაშინ 180 ლარი უნდა გადაიხადოთ. 2 ან 3 სამუშაო დღეში დამზადებული პასპორტის ღირებულება 225-300 ლარია. ხოლო გადაუდებელი სიტუაციებისათვის დოკუმენტის იმავე დღეს დამზადებაც შეგიძლიათ, ასეთ დროს 350 ლარი უნდა გადაიხადოთ.

განსხვავებული ტარიფით სარგებლობენ ის არასრულწლოვანი პირები, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურთ. სტანდარტულად 10 დღის ვადაში დამზადებული პასპორტის ღირებულება 75 ლარს შეადგენს. 5 ან 3 სამუშაო დღეში დამზადებული დოკუმენტისათვის 105 - 150 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუ უფრო მოკლე ვადებში გსურთ პასპორტის მიღება, მაშინ 24 საათიანი სერვისის არჩევა შეგიძლიათ, რაც 225 ლარი ღირს, იმავე დღეს დამზადებული დოკუმენტის საფასური კი 275 ლარია.

გახსოვდეთ, რომ დამზადებული ბიომეტრიული პასპორტის შესაძლებელია გადაეცეს პასპორტის მფლობელ სრულწლოვან და 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებს, მოთხოვნის წარმდგენ პირს ან მინდობილობის მქონე პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებებიდან ოფიციალური დოკუმენტის გატანას ვერ შეძლებთ.

ავტორი: სალომე სუხიტაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები