მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის მიერ დენის, წყლის და გაზის უკანონო მოხმარებისთვის ჯარიმები შემცირდება - სასამართლო

კომუნალურები

საკონსტიტუციო სასამართლომ იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე არსებული 15 000-ლარიანი ჯარიმა არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. სარჩელი "ახალგაზრდა ადვოკატებს" ეკუთვნოდათ და ის პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში 2018 წელს შეიტანეს.

გადაწყვეტილების მიხედვით, ორგანიზაციები ამ დროისთვის განსაზღვრულ ჯარიმას 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ფიზიკური პირების შემთხვევაში კომუნალურების უკანონო მოხმარებისთვის ჯარიმა მხოლოდ 100 ლარია და იურიდიული პირებისთვის 15 000, ანუ 150-ჯერ მეტი, პრინციპი არაკონსტიტუციურია და პარლამენტმა უნდა გადახედოს.

"სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 96/1 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსების ძალადაკარგულად ცნობა გადავადდეს 2025 წლის პირველ აპრილამდე და სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1-ელი აპრილი" , - წერია გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ნორმის შეცვლისთვის, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 1-წლიანი ვადა მისცა. "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ არაკონსტიტუციურად ცნობის მიზეზი უთანასწორო ტარიფი გახდა. შესაბამისად, ჯარიმის ახალი მოცულობა 100 ლარს, ანუ ფიზიკური პირებისთვის დადგენილ ნორმას არ უნდა აღემატებოდეს.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები 2010 წელს შევიდა და ამავე წელს 16 ივნისს განისაზღვრა ჯარიმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები