ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან დახურულ შეხვედრას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ენერგოპროექტების დეველოპერებისთვის დაგროვილი დავალიანებების ჩამოწერა და ამასთან, შემდგომ პერიოდში მკაცრი მონიტორინგი, ბაზარს გააჯანსაღებს. ასეთი შეფასებები მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და კომპანია „ფერის“ დამუფძნებელმა შეხვედრის შემდეგ ჩაწერილ კომენტარებში გააკეთეს. მათ შეფასებას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს.
GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი:
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო წლის შესაჯამებლად და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები გამოითქვა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ენერგეტიკის სექტორში მოხდეს ხელშეწყობა და ზოგადად, ჩვენი განახლებადი რესურსების სწრაფად ათვისება მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ასე ვთქვათ, კერძო სექტორის მიმართ გამკაცრებული მიდგომა, იმისთვის, რომ დაკონცენტრირდეს მხოლოდ რეალურ ინვესტორებზე და დეველოპერებზე ის სამუშაოები, რომელიც წინ გველოდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი იყოს“.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე:
„ზოგადად ძალიან კარგი ტრადიცია დაინერგა, რომ შეხვედრები სამინისტროსა და დეველოპერებს შორის გახშირდა, რაც ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას, განახლებადი ენერგოპროექტების დეველოპერების მიმართ პრემიერის მიერ დაანონსებული ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრეთ და აგვიხსნეს რა თამაშის წესები იქნება იქნება შემდგომ. რაც სწორი, კარგი და სამართლიანი ინიციატივაა. ჯარიმებისა და ბიზნესის მიმართ ასეთი მკაცრი მიდგომა შემდგომში ბაზარს გააჯანსაღებს იმ კუთხით, რომ ენერგეტიკაში რეალური დეველოპერები დარჩებიან და ფურცლით მოვაჭრეები გაქრებიან“.
„ფერის“ დამფუძნებელი ლაშა იორდანიშვილი:
დღეს ქალბატონმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დეტალურად აგვიხსნა მთავრობის ახალი გაჟღერებული ინიციატივის შესახებ, რაც შეეხება დარგში დაგროვილი ჯარიმების პატიებას სახელმწიფოს მხრიდან, რაც ცალსახად დარგის უპრეცედენტო მხარდაჭერაა. ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაც მოხდება, ერთი, რომ კომპანიები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ პროექტებს, რომელიც მათ ხელთ უპყრიათ და მეორე - მნიშვნელოვნად დაჩქარდება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც სახელმწიფოსთან არის გაფორმებული“.
"ქართული ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერათ.
ქვრივიშვილის ინფორმაციით, ჯარიმის ჩამოწერის შემდეგ, კერძო სექტორს თავისუფლება ექნება პროექტის ეტაპიდან და შინაარსიდან გამომდინარე, თავად განსაზღვროს მისი განვითარებისთვის საჭირო ახალი ვადა.




























