„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ და „Energy Solutions“-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი აბრამიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
აბრამიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ წინა წლებში დაშვებული შეცდომების გამო, სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია.
გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო ელექტროსისტემამ კერძო სექტორს ერთი წლის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც ბიზნესის მხრიდან უწყებას მადლობის სიგელი გადაეცა.
„მართლაც გულწრფელად ხაზგასასმელია ის მონდომება, რაც საჯარო სექტორმა ბოლო პერიოდში გამოიჩინა. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას მის გამჭვირვალობას, მიმღებლობასა და იმ რეფორმებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახორციელა.
ალბათ, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც კერძო და საჯარო სექტორს შორის ისეთი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რომ კერძო სექტორი საჯარო სექტორს ამ თანამშრომლობის ფორმისთვის მადლობას უხდის“, - აცხადებს აბრამიშვილი.
წამყვანის კითხვაზე, მარიამ ქვრივიშვილს ეკუთვნის თუ არა სიგელი აბრამიშვილმა უპასუხა:
"დიახ, მარიამ ქვრივიშვილიც ძალიან აქტიურად და მაღალი ჩართულობით მონაწილეობს იმაში, რომ ჩვენს სექტორში ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდეს, მოხდეს პროცესების სტრუქტურიზება და სისტემაში წესრიგის დამკვიდრება".
ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის სექტორში არსებულ სისტემურ პრობლემებზე. მისი თქმით, ენერგეტიკა გრძელვადიანი სფეროა, სადაც გამჭვირვალობის გარეშე ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელია, ამის გამოძახილი კი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (FDI) ენერგეტიკის წილის კლებაა.
"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის საკითხიც. ჩვენი სექტორი, როგორც მოგეხსენებათ, გრძელვადიანია. ჯერ დაგეგმვის ეტაპი, შემდეგ მშენებლობის პროცესი და ამის შემდეგ ფინანსური უკუგების პერიოდი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, წლებზეა გაწელილი. აქედან გამომდინარე, თუ გამჭვირვალობა არ იარსებებს, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ სექტორში ინვესტიციები განხორციელდეს.
ალბათ, სწორედ ამის შედეგი და გამოძახილია ისიც, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ენერგეტიკის წილი წლიდან წლამდე მცირდება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია 2018-2021 წლებში დაშვებულ შეცდომებზე — მორატორიუმზე, ბაზრის არასწორი ფორმით გახსნაზე და სხვა გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ ამ წლების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი აშენდა, გარდა იმ სადგურებისა, რომელთა მშენებლობაც მანამდე იყო დაწყებული.
მეორე მხრივ კი, მოხმარება ძალიან სწრაფად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც მატულობს. ამ დროს კი ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი განახლებადი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, რომელთა ათვისებასა და გამოყენებას სრულად ვერ ვახერხებთ.
მოკლედ, ეს მთელი ფაბულა ძალიან კარგად ესმის როგორც ქალბატონ მინისტრს, ისე ელექტროსისტემას. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი მათ მონდომებას".
ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად ვანო ზარდიაშვილი გასული წლის 16 აპრილს დაინიშნა. იქამდე პოსტს გიორგი გიგინეიშვილი იკავებდა.




























