2025 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 5.7 ქულით გაუარესდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ მეორე კვარტალის BAG ინდექსში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მონაცემს გასული წლის II კვარტალს თუ შევადარებთ, მაშინ მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 23.5 ქულით არის გაუმჯობესებული. თუმცა გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რაც იმ პერიოდის ბიზნესის კლიმატზეც შესაბამისად ისახებოდა.
2025 წლის მეორე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 13 - 29 მაისის პერიოდში.
BAG ინდექსი ყოველკვარტალურად იკვლევს ბიზნესის კლიმატსაც, რომელიც გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, რა დროსაც კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.
მიმდინარე წლის II კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატი მცირედით - 0.2 ქულით გაუარესდა, გასული წლის II კვარტალთან შედარებით კი - 6.2 ქულით გაუმჯობესდა. რაც შეეხება გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, 4.6 ქულით გაუმჯობესდა, ხოლო გასული წლის II კვარტალთან შედარებით, 10.3 ქულით გაუარესდა.

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.




























