მეწარმე იურიდიული პირების პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, შესაძლოა, დამატებითი გამკაცრება შევიდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მთავარი მომხსენებელია, კომიტეტს შესაბამისი წინადადებით მიმართა.
"ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილების განხილვა XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყო.
გორდულაძის განცხადებით, მისი შეთავაზებაა, რომ მეწარმე იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს.
მისივე თქმით, ცვლილების მიზანია, ბიზნესის ფინანსური რესურსები პოლიტიკურ პროცესებში არ იყოს ჩართული და მეწარმე სუბიექტები საკუთარ ძირითად საქმიანობაზე იყვნენ კონცენტრირებული.
„მიზანია ის, რომ მეწარმემ ის საქმე აკეთოს, რისთვისაც კონკრეტული იურიდიული პირია შექმნილი – შესაბამისად, დაკავდეს ბიზნესით და იყოს მოგებაზე ორიენტირებული. ჩვენ ბიზნესის თავისუფლებაში არ ვერევით – პირიქით, ვამაყობთ და ვაცხადებთ, რომ ბიზნესის თავისუფლება ჩვენი გუნდის მონაპოვარია“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, თუ ვინმეს სურს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, ამისთვის კანონით განსაზღვრული ფორმა არსებობს – პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია. გორდულაძის განმარტებით, კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს და პასუხისმგებლობა მხოლოდ იურიდიულ პირებზე გავრცელდება.
ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დასვა საკითხი, რამდენად ეფექტიანია მოქმედი ჯარიმების ოდენობა მსხვილი ბიზნესისთვის და აღნიშნა, რომ 20 000 ან 40 000 ლარი შესაძლოა შემაკავებელი არ იყოს.
„შესაძლოა, უფრო ეფექტიანი იყოს, რომ ბიზნესსუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეთავაზებაა, რომ შესაბამისი ჩანაწერები მეორე მოსმენის ფარგლებში აისახოს როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ისე „სისხლის სამართლის კოდექსში“.
შეგახსენებთ, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კოდექსს ემატება ახალი მუხლი – „მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის შესახებ“. პროექტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას არ უკავშირდება, 20 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 40 000 ლარით.




























