მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის სასამართლო დავებში ბიზნესომბუდსმენის ექსპერტების ჩართულობა 50%-ით წარმატებულია - ოთარ დანელია

ოთარ დანელია

ბიზნესის სასამართლო დავებში ჩვენი ექსპერტების ჩართულობა 50% შემთხვევაში წარმატებით სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ოთარ დანელიამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენი ჩარევის შემთხვევებში დაახლოებით 4%-ია, როცა სასამართლო პროცესში უშუალოდ ჩავერთეთ, და ამ შემთხვევებიდან 50%-ში მივაღწიეთ წარმატებულ შედეგს. საუბარია მიმდინარე დავებზე, სადაც პროცესში ვრთავთ ექსპერტს და ბიზნესს დახმარებას ვუწევთ“, - აღნიშნა დანელიამ.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ყველა სექტორში კვლავაც კადრების დეფიციტია.

"პარადოქსია, მაგრამ რეალობა ასეთია - ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებობს ადამიანური რესურსების დეფიციტი, მეორე მხრივ კი, ბევრი ადამიანი დაუსაქმებელია. ეს თანხვედრა ვერ მოხდა და პრაქტიკულად ყველა დარგში საკადრო პრობლემა იკვეთება", - თქვა მან.

დანელიამ ასევე ისაუბრა საგადასახადო დავებსა და ბიზნესის მხარდაჭერაზე: „ფინანსურ დავებთან დაკავშირებით, ხშირია დღგ-ს დაბრუნების საკითხები. ზოგჯერ ბიზნესს არ აქვს სრულად წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, ამიტომ ვეხმარებით მას დოკუმენტაციის ორგანიზებაში“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მისივე ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენის ოფისმა 130-ზე მეტი შეხვედრა გამართა და 200-მდე კორესპონდენცია განახორციელა. ძირითადი თემები ვაჭრობას, მრეწველობას, აგრარულ მეურნეობას, ტრანსპორტსა და ლოგისტიკას ეხებოდა.

დანელიას განცხადებით, ყველაზე მეტი საკითხი ფინანსთა სამინისტროს მიმართულებაზე მოდის - დღგ-ს დაბრუნება და სხვა საგადასახადო დავები, სადაც საჭიროების შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენი სასამართლო მეგობრის სტატუსითაც ერთვება.

მისი თქმით, ასევე აქტიური იყო თანამშრომლობა შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროსთან - განსაკუთრებით, ფარმაცევტული რეგულაციების ცვლილებების პერიოდში, როცა, მისი თქმით, ოფისმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო, რომ ცვლილებები ბიზნესისთვის ნაკლებად მძიმე ყოფილიყო.

"მომართვიანობის 70% თბილისზე მოდის, 10% - აჭარაზე, ხოლო ყველაზე ნაკლებად აქტიური რეგიონებია ქვემო ქართლი, გურია და სამცხე-ჯავახეთი", - ამბობს ბიზნესომბუსმენი.

როგორც ოთარ დანელია განმარტავს, შემოსული საკითხების 55% მხოლოდ კორესპონდენციით დასრულდა, 14%-ის შემთხვევაში მომზადდა შუამდგომლობა, 7%-ზე - სამართლებრივი დასკვნა, ხოლო 4%-ში ბიზნესომბუდსმენის ექსპერტები უშუალოდ ჩაერთნენ სასამართლო პროცესებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები