მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის შენიშვნები, სადაც შესაძლებელი იყო, გავითვალისწინეთ - ომიაძე ტურიზმის შესახებ კანონზე

მაია ომიაძე

ტურიზმის შესახებ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები BMG-სთან დარგში დაანონსებულ ცვლილებებს აფასებენ, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს მოიცავს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ამასთან, იგივე ფინანსური გარანტიაა გათვალისწინებული იმ ტურაგენტებისთვისაც, რომელიც კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდის ამ პაკეტს.

ტუროპერატორები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული მესამე პირის პასუხისმგებლობის ნაწილი ბიზნესს იმდენად დააზარალებს, რომ მათ, შესაძლოა, ბაზრიდან გაქრობაც მოუწიოთ, რადგან კანონის მიღების შემთხვევაში ბიზნესი დაცული ვეღარ იქნება. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ დარგობრივი გაერთიანებები საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების კრიტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პასუხობს. მაია ომიაძის თქმით, კერძო სექტორის ყველა შენიშვნის გათვალისწინება ვერ მოხდება. მათ შორის გადახდის უუნარობის შემთხვევისთვის ფინანსური უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულება ევროდირექტივით არის განსაზღვრული და მისი კანონში ასახვა უნდა მოხდეს.

“დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო ტურიზმის შესახებ კანონი. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც შედის ეს ევროდირექტივითაა გათვალისწინებული. კერძო სექტორთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა იყო. დოკუმენტში სადაც შესაძლებელი იყო, რომ კერძო სექტორის კომენტარები გაგვეთვალისწინებინა, ყველა კომენტარის ავსახეთ.

ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო მათ შორის გიდების ასოციაციასთან ერთად, მაღალი რისკების გიდების ასოციაციასთან ერთად საკმაოდ მუხლობრივად იყო პროცესი გავლილი, თუმცა არის გარკვეული საკითხები, როგორიცაა გადახდისუნაარობის საკითხი, ძირითადად მომხმარებლის უფლებებზეა მორგებული და არის ევროდირექტივით ნაკისრი ვალდებულება და ამ ფორმით უნდა მივიღოთ, რა ფორმითაც არის მოწოდებული“, - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ცნობისთვის, კანონპროექტის შესაბამისად ხდება ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება. განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებისა და მოვალეობების, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმები. ასევე რეგულირდება ტურისტების უფლებები და მოვალეობები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტით განისაზღვრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი და ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. ასევე სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები