მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაბალი ღობე აღმოვჩნდით" - "ტურიზმის შესახებ კანონში" ცვლილებებზე დარგობრივი ასოციაციები პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართავენ

ტურიზმი

დღეს, საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატეტმა II მოსმენით "ტურიზმის შესახებ კანონი" განიხილეს. ცვლილებების პროექტს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები BMG-სთან დარგში დაანონსებულ ცვლილებებს აფასებენ, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს მოიცავს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ამასთან, იგივე ფინანსური გარანტიაა გათვალისწინებული იმ ტურაგენტებისთვისაც, რომელიც კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდის ამ პაკეტს.

ტუროპერატორები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული მესამე პირის პასუხისმგებლობის ნაწილი ბიზნესს იმდენად დააზარალებს, რომ მათ, შესაძლოა ბაზრიდან გაქრობაც მოუწიოთ, რადგან კანონის მიღების შემთხვევაში ბიზნესი დაცული ვეღარ იქნება. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ დარგობრივი გაერთიანებები საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

"მესამე პირის პასუხისმგებლობა არის ძირითადად ავიაკომპანიებზე, სამწუხაროდ, თუ ამ კანონს მიიღებენ, პასუხისმგებლობა ტურისტულ კომპანიებს დაგვეკისრება, რომლებიც რეალურად შუამავალი ვართ მომხმარებელსა და ავიაკომპანიას შორის. ის, რომ ავიაკომპანიამ შეიძლება რეისი გააუქმოს, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება, რაც წარმოუდგენელია. რატომღაც დაბალი ღობე აღმოვჩნდით, თუმცა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ", - ამბობს "გამყვანი ტურიზმის ასოციაციის" დამფუძნებელი დიმიტრი ჩიკვაიძე.

იგივე პოზიციას იზიარებ "საქართველოს ტურიზმის ასოციაციის" გამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ნაროუშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ გასული სამი თვის მანძილზე ტუროპერატორებმა აღნიშნული კანონი განიხილეს, სხვა ქვეყნების გამოცდილებას შეადარეს და პარლამენტს რეკომენდაციები მიაწოდეს, რომელიც დღევანდელ მოხსენებაში გათვალისწინებული არ იყო.

ისინი მნიშვნელოვან გამოწვევად იმ ფაქტსაც მიიჩნევენ, რომ ზედამხედველის როლი ტურიზმის ადმინისტრაციას ენიჭება, რადგან ეს ამ პროცესს ძალიან ბუნდოვანს ხდის.

"რა თქმა უნდა, ვაპირებთ რეკომენდაციების კვლავ გაგზავნას, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს და შერბილდება იმ კუთხით, რომ ბიზნესი არ დაზარალდება. აღსრულების ნაწილში ტურისტული კომპანია არაკეთილსინდისიერი მომხარებლისგან აბსოლუტურად არ არის დაცული, აღსრულების ნაწილი არის იმ ფორმატით გაწერილი, რომ ეს ტურისტული კომპანიის ხარჯზე ხდება", - აცხადებს ზურაბ ნაროუშვილი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ "ტურიზმის შესახებ კანონის" თანახმად, ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს. კერძოდ, მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი), რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები