2027 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსება 78 მილიონ ლარამდე გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხა ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია და საბიუჯეტო ნაზრდი ძირითადად ტურისტული კამპანიების მხარდაჭერისკენ მიიმართება.
"ტურიზმის ადმინისტრაციის ნაწილში გვაქვს დამატებით 10 მილიონი ლარი, რაც ტურისტული კამპანიების გაძლიერების მიმართულებით იქნება გამოყენებული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ბიუჯეტის პროგრამული თავის თანახმად, საპროგნოზო მაჩვენებელი ტურისტების წლიურად 5.9%-იან ზრდას წარმოადგენს.
"საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარება და არსებული ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია (მარშრუტების შემუშავება, პროდუქტის ბეჭდური საინფორმაციო მასალის მომზადება); მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.
საბაზისო მაჩვენებელი - 2025 წელს 7 803 239 საერთაშორისო მოგზაური დაფიქსირდა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2027-2030 წწ - 2027-2030 წლებში 2025 წლის მაჩვენებლის გაუმჯობესება 5.9 %-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20 %", - ნათქვამია პროგრამის აღწერაში.
























