მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ და რა სქემით გაიზრდება ლექტორების და მასწავლებლების ხელფასები? - კაკაურიძის პასუხი

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად მოხდება. ასე უპასუხა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ მან ეკა სეფაშვილის კითხვას.

"ხალხის ძალის" წევრი დაინტერესდა როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება.

"რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ხელფასებს, რა თქმა უნდა, ეს რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და ნაწილია, როდესაც კადრების ხარჯებსა და სტუდენტების დაფინანსებაზე ვსაუბრობთ. უფასო სწავლების დაფინანსებას თუ შევხედავთ, საბოლოო ჯამში, იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ახლახან ვახსენე, გრანტების სახით გამოყოფილი თანხა მცირდება და ემატება უფასო სწავლების დაფინანსების ნაწილს. უფასო სწავლების კომპონენტი 100 მილიონით იზრდება, ხოლო გრანტების ნაწილი თუ სწორად მახსოვს 33-36 მილიონით მცირდება. ანუ ეს 65 მილიონი ლარი არის დამატებითი შემოსავალი, რასაც საბოლოო ჯამში უნივერსიტეტები მიიღებენ.

რის ხარჯზე მოხდა ეს ცვლილება? გარდა იმისა, რომ გამოცხადდა უფასო სწავლება, მთავრობის დადგენილებით შეიცვალა ერთ სტუდენტზე გათვლილი დაფინანსების მოცულობაც. თუ ადრე ნებისმიერ ფაკულტეტზე სტანდარტულად 2 250 ლარი იყო გათვალისწინებული, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა და დაფინანსება ფაკულტეტების მიხედვით დიფერენცირდა.

საბოლოო ჯამში, გაცხადებულ ხელფასებს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ვერ მივაღწევთ, თუმცა იმ ოთხწლიან პერიოდში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტები სრულად გადავლენ უფასო სწავლებაზე და გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ხელფასებიც ეტაპობრივად გაიზრდება. დღეს გამიჭირდება კონკრეტული ვადისა და ყოველწლიური ანაზღაურების დასახელება, რადგან ეს დამოკიდებული იქნება როგორც საათების, ისე სტუდენტების რაოდენობაზე. შესაბამისად, ზრდა ყოველწლიური იქნება, თუმცა თავიდან გაცხადებული მაქსიმალური თანხა ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა", - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება სკოლის მასწავლებელთა ანაზღაურების საკითხს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ანაზღაურების ზრდა დაახლოებით 2 ლარი იქნება.

"ზოგადად საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დაახლოებით 8.2% იქნება. კონკრეტული მასწავლებლის ანაზღაურებას ვერ გეტყვით, რადგან ეს საათობრივ დატვირთვაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ხელფასია იმის მიხედვით, კვირაში 5 საათი აქვს დატვირთვა თუ 15. ამ შემთხვევაში საათობრივი ზრდა დაახლოებით 2 ლარს შეადგენს და საბოლოო მატება იმის მიხედვით გასაშუალოვდება, თუ ვინ რამდენი საათით არის კვირაში დაკავებული შესაბამის საჯარო დაწესებულებაში", - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები