თითოეული ბიზნესმენის სურვილია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს და სასურველ ნიშნულამდე მივიდეს - აცხადებს ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი #რედაქტ2-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც არჩევნების შედეგებს, ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას, ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესისა და დასავლეთის მხრიდან არაერთი გაფრთხილების პირობებში ბიზნესში არსებულ მოლოდინებს შეეხებოდა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით განწყობები არ მიუღიათ, თუმცა ყველა პარტნიორი გულშემატკივრობს, რომ ქვეყანაში მშვიდი, სტაბილური გარემო მალე აღდგეს და დადგინდეს სიმართლე.
„ბიზნესგარემო მრავალფეროვანია, თუმცა ჩვენ - მეწარმეები, ბიზნესმენები ყოველთვის იმისკენ მივილტვით, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. იყოს კომფორტული გარემო იმისთვის, რომ დოვლათის შექმნა და ბიზნესსაქმიანობა შედეგიანი და წარმატებული იყოს. ამისთვის, თითოეული ჩვენგანის სურვილია ის პროცესები, რომლებიც ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპის ოჯახში შესვლასთან არ შეჩერდეს, გაგრძელდეს და სასურველ ნიშნულამდე მივიდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.