მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდისთვის არსებული პროგრამები ნაკლებად ეფექტიანია - „თბილღვინო"

6480cfc586971
ალა ისპირიანი
07.06.23 22:35
747
ევროპაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდისთვის არსებული პროგრამები ნაკლებად ეფექტურად მუშაობს, - ამის შესახებ „თბილღვინოს“ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ამის მიზეზი დარგის მიერ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებაა.

„ნებისმიერი პროგრამა, რომელიც მიმართულია ევროპაში ღვინის პოპულარიზაციის გაზრდაზე ნაკლებად ეფექტური იქნება, თუ ფოკუსის ცვლილება არ მოხდება. მნიშვნელოვანი ზრდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე ქართული ღვინის მწარმოებლებს არა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დარგის მარეგულირებელი, ღვინის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ბიუჯეტს გამოყოფს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ამ ბიუჯეტის მიზნობრიობა წლიდან წლამდე დიდად არ იცვლება. 

აქტივობები რომელიც ტარდება მნიშვნელოვანია, განზრახვა კარგია, მაგრამ, თუ წლიდან წლამდე ერთი და იგივე ტიპის აქტივობები ვაკეთეთ და ეფექტი მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის - თუ ჩვენ მნიშვნელოვან ზრდას დასავლეთ ევროპის ბაზარზე ვერ ვხედავთ ე.ი უნდა დავფიქრდეთ, რომ რაღაც შესაცვლელი გვაქვს. ეფექტის არ მიღება სიგნალს უნდა გვაძლევდეს, რომ თვისობრივად ახალი რამ გვაქვს გასაკეთებელი. 

ამ მიგნებებთან რომ მივიდეთ დარგი აქტიურ კონსულტაციაში უნდა იყოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. თუნდაც ეს პროგრამა [მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა] როდესაც ინერგებოდა წელიწად ნახევრის წინ ჩვენთან აქტიურ კონსულტაციას გადიოდნენ პროგრამის სამოტივაციო ნიუანსებზე. თუმცა წელს ეს პროგრამა ავტომატურად, ჩვენთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე გაგრძელდა. დიალოგი რომ ყოფილიყო მივცემდით რჩევებს, რომ ამ პროგრამის უფრო ეფექტურად გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი.

იმიტომ მუშაობს ნაკლებად ეფექტურად ისეთი პროგრამები, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდაზეა მიმართული, რომ დარგის ფოკუსი კვლავ არის დარჩენილი რუსეთის ბაზარზე“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო. მთავრობა ღვინის მწარმოებლებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 600 000 ლარამდე თანადაფინანსებას სთავაზობს. პროგრამა ითვალისწინებს გამოფენებსა და მარკეტინგული კამპანიების დაფინანსებას, ასევე ქსელური ტიპის ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გაწეული თანხებისა და ღვინის მაღაზიებში თაროების ბრენდირება/ დეგუსტაციის თანადაფინანსებას.

განახლებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიებმა პირველ ეტაპზე, განაცხადები 1 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა 2021 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო, პროგრამით ბიზნესმა ხელშესახები სარგებელი ვერ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები