მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილღვინოს“ პრემიალური ხაზის ღვინოების ღირებულება $20-დან 100 დოლარამდეა - სად გადის სასმელი?

თბილღვინო

„თბილღვინოს“ ახალი პრემიალური ხაზის ღვინოების ღირებულება $20-დან იწყება და 100 დოლარს აღემატება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მარგველშვილმა BMG-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიაში არსებულ სიახლეებზე საუბრისას აღნიშნა, „თბილღვინომ“ რამდენიმე წლის წინ გაყიდვების ხარისხობრივი კუთხით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო: „გადავწყვიტეთ, ისეთი ღვინოები შეგვექმნა, რომლის ფასი საშუალოზე მაღალი და პრემიალური კატეგორიის იქნება, რათა შექმნილი ღვინოების ხარისხზე მეტად ვფოკუსირდეთ და ამით კომპანიის ჯამური შემოსავალი გავზარდოთ“.

„თბილღვინომ“ პრემიალური კონცეფციის ღვინოების კოლექცია ოქტომბრის დასაწყისში წარადგინა. კოლექციაში 8 სახეობის ღვინო შედის - Mtsvane Single Vineyard, Saperavi Twin Vineyards, Qvevris Kisi, Qvevris Saperavi, Saperavi Single Vineyard, Aleksandrouli Single Vineyard, Plot #3. პრემიალური ხაზი ქართული ენდემური ღვინის ჯიშის საფერავის და უნიკალური ქვევრის ღვინოების ინსპირაციით შეიქმნა და ე.წ. Fine wine-ის კატეგორიას წარმოადგენს.

გიორგი მარგველაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ ქართული პრემიალური ღვინოების კოლექციაზე კომპანიაში 4 წელი მუშაობდა.

„პრემიალურ ღვინოებს იმ ხედვით ვქმნიდით, რომ ამ ღვინოებმა გარდა ცნობადობისა, რომელიც ქართულ ღვინოს აქვს, ქართული ყურძნის ჯიშებს, განსაკუთრებით საფერავს და ქვევრის ტიპის ღვინოებს აღიარება მოუტანონ, TOP-10 იმპორტიორ ქვეყანაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ და ჩვენი და მთლიანად ქართული ღვინის პოტენციალის სრული რეალიზება მოხდეს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

„თბილღვინოს“ პრემიალური ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდა და საექსპორტო ბაზრებზე ეს ღვინოები დახლზე მაღალ საფასო კატეგორიაში ხვდება.

„ღვინოები პირველ რიგში საქართველოში წარვადგინეთ, რადგან ვთვლით, რომ ქართველი მომხმარებლის გემოვნება დახვეწილია და წლიდან წლამდე იზრდება. ასევე ღვინო წარდგენილია დიდ ბრიტანეთში. იქ დახლებზე ეს ღვინოები მალე გაჩნდება; ასევე ამ კატეგორიის ღვინოები უკვე გადავტვირთეთ კორეაში და სულ მალე გაიგზავნება კანადასა და აშშ-შიც გაიგზავნება.

დღეისთვის „თბილღვინოს“ პორტფელში დაახლოებით 30 დასახელების ღვინო გვაქვს, აქედან ახალი 8 სახეობის ღვინის ღირებულება საექსპორტო ბაზრებზე, დახლზე 20 დოლარიდან დაიწყება და 100 დოლარს ასცდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები