მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ავტომობილი გავიდა - რამ განაპირობა ზრდა?

6442a8495f32c
ალა ისპირიანი
21.04.23 19:31
3554
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $412 მილიონის ღირებულების 22 ათას 400 ავტომობილი გავიდა. ეს მოცულობა წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 333%-ით მეტია. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც რეექსპორტზე $99.7 მილიონის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი $87.3 მილიონის რეექსპორტით, მესამეზე კი ყაზახეთი $87.2 მილიონის რეექსპორტით. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი $84 ათასის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადის.

"კავკასიის ავტოიმპორტის" მარკეტინგის მენეჯერის კახა ლომიძეს თქმით, რეექსპორტის მაჩვენებლის ზრდა პანდემიის დროს დაიწყო და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კიდევ გაიზარდა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „სქმის კურსში“ განმარტა რუსეთში არსებულმა ავტომობილების დეფიციტმა საქართველოდან ექსპორტის ზრდა განაპირობა.

„ზრდა პანდემიის დროს დაიწყო, რადგან შეფერხება იყო ახალი ავტომობილების წარმოებაზე - დეფიციტმა, მეორეულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაზარდა. შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დიდი ზრდა დაიწყო, რადგან დსთ-ს ქვეყნებში უმეტესად შიდა ვაჭრობაა და რუსეთიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ავტომობილებით მარაგდება ყაზახეთიც. ახლა სანქციებმა გამოიწვია, რომ თვითონ რუსეთს აქვს დეფიციტი და ჩვენ ერთ-ერთი ის მთავარი ბაზარი ვართ, რომელიც ამ ქვეყნებს ავტომობილებით ვამარაგებთ . ჩვენ გვქონდა მარაგი, რომ მათი მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად ბაზარს მარაგის შევსებაც სწრაფად შეუძლია“, - განაცხადა კახა ლომიძემ.

კითხვაზე, - სომხეთში და ყაზახეთში ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია რუსეთის ბაზრის დახურვასთან? მან უპასუხა, რომ ფაქტებით ამის დამტკიცება რთულია, მაგრამ სავარაუდოდ ასეა.

„ავტომობილების საგრძნობლად მოთხოვნის ზრდა გარკვეულწილად იმასთან უნდა იყოს დაკავშირებული რომ ჩვენი ქვეყნიდან ირიბად გადის ეს ავტომობილები რუსეთში", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები