ბოლო წლებში, საქართველო ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის ჰაბად ჩამოყალიბდა. 2021-2023 წლებში, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 365%-ით გაიზარდა და 2023 წელს რეკორდული $2.126 მილიარდს მიაღწია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ის ტოლია.
საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი და უცხოელი აშშ-ის აუქციონებზე ავტოდილერები ავტომობილებს ყიდულობენ, არემონტებენ და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ექსპორტზე გაჰყავთ. ამგვარად, ამ ბიზნესში ჩართული არიან არამხოლოდ ლოგისტიკური კომპანიები, არამედ გადამყიდველები და ხელოსნებიც.
მაშ, საინტერესოა, თუ რომელი ბრენდის რომელ მოდელებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველები? - ამ კითხვას “საქმიან საღამოში” Caucasus Auto Import-ის ბრენდ მენეჯერმა, კახა ლომიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს, საქართველოში, მოთხოვნა გაიზარდა შედარებით ახალ ჰიბრიდულ ავტომობილებზე.
“ბოლო დროს, საქართველოში არსებული პრეფერენციები შეიცვალა, რაც ძალიან მახარებს. ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, რასაც, რასაკვირველია, განბაჟების პოლიტიკაც უწყობს ხელს, მაგრამ შეიცვალა კულტურაც. ადამიანებს ურჩევნიათ, რაც შეიძლება დაბალი მოცულობის მქონე ძრავით აღჭურვილი შედარებით ახალი ავტომობილი შეიძინონ, რადგან ამ შემთხვევაში, ექსპლუატაციის ვადა უფრო დიდია და სერვისიც ბევრად მოსახერხებელი და იაფია.
მოთხოვნად ავტომობილებს შორის, უმეტესწილად, ჰიბრიდულ ავტომობილებს ვხვდებით. პირველ ადგილს Toyota Camry იკავებს, მაგრამ პოპულარულ ავტომობილებს შორის Ford Fusion-სა და სხვა ჰიბრიდულ ავტომობილებსაც ვხვდებით”, - განაცხადა კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში”.
საქართველოს უდიდესი ავტოიმპორტიორი კომპანიის ბრენდ მენეჯერმა BMG-სთან ქართულ ბაზარზე არსებულ ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ SUV-კატეგორიის ავტომობილებზე გადასვლის ტენდენცია, რომელიც აშშ-ში ფიქსირდება, საქართველოში, ამ ეტაპზე, მკვეთრი არ არის.
“ასე თამამად ვერ ვიტყვით, მაგრამ SUV-ები ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია - ამ მხრივ, Toyota RAV-4 ლიდერობს. იაპონური Toyota, ზოგადად, დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. თუმცა SUV-ებზე გადასვლის ტენდენციას რაც შეეხება, ის, ამ ეტაპზე არ იკვეთება, მაგრამ ისეც ვერ ვიტყვით, რომ ქართველი მომხმარებელი SUV-ებს არ იყენებს - ამ კატეგორიის ავტომობილებს საკუთარი მომხმარებელი ჰყავს”, - აღნიშნა კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში”.