მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცენტრალურ აზიაში ავტომობილების რეექსპორტის ზრდის პოტენციალს ვხედავთ“ - “კავკასიის ავტოიმპორტი”

649af4ce490ad
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.23 09:15
694

ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. ახალი შეზღუდვები წესდება რუსეთის ფედერაციაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზეც. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ მე-11 პაკეტის შესახებ გარკვეული კითხვები ჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც EU-ს მიმართეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუკი აქამდე მოქმედი შეზღუდვით რუსეთში 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით მას 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაც დაემატა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან რუსეთში ტოპ-3 საექსპორტო საქონელს შორისაა. ამასთან, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთში 41.3 მლნ დოლარის ღირებულების 2 943 ავტომობილი გაიტანა. ზოგადად კი აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 316%-ითაა გაზრდილი და ქვეყნისთვის მთლიან ექსპორტში 31.8%-იანი წილით სასაქონლო ათეულში პირველ ადგილს იკავებს. ავტომობილების ექსპორტი კი განსაკუთრებით სომხეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გაიზრდა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა - იქონიებს თუ არა სანქციების მე-11 პაკეტი საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტზე გავლენას და როგორ აფასებენ ავტოიმპორტირები რეექსპორტის  პერსპექტივებს. ამ კითხვებით ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ ავტოიმპორტიორ კომპანია „კავკასუს ავტოიმპორტის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით გულაშვილს მივმართეთ. კომპანიაში, პირველ რიგში, აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების მე-11 პაკეტს მიესალმებიან.

„რუსეთს უნდა შეეზღუდოს ევროპულ და ამერიკულ საქონელზე წვდომა, მივესალმებით ევროკავშირის სანქციების 11-პაკეტს. რუსეთის მიმართულებით ნებისმიერი აქტივობა და კომუნიკაცია აკრძალული გვაქვს. ჩვენი კომპანია ნახევრად ამერიკელების მფლობელობაშია, უკრაინაში 14 ოფისი გვაქვს და ჩვენი თანამშრომლები იბრძვიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთში 1-2 მანქანის გაყიდვის გამო, ჩვენს პრინციპებს არ ვუღალატებთ“, - აცხადებს დავით გულაშვილი.

ავტოიმპორტიორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სანქციათა ეს პაკეტი რუსეთის მიმართულებით ავტოექსპორტიორებს შეეხება, ამიტომ კომპანიებმა აქცენტი ცენტრალური აზიის ბაზრების მიმართულებით განვითარებაზე უნდა გააკეთონ.

„ჩვენი შეფასებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით მოთხოვნა ავტომობილებზე კიდევ უფრო გაიზრდება. ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთიდან მარაგდებოდა, მომარაგება რომ შეწყდა, გადმოვიდნენ საქართველოზე და ამიტომ გადმოვიდნენ ამ მიმართულებით. მოთხოვნის შემცირების საფრთხეს ვერ ვხედავთ. პირიქით, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ბაზარმა ცენტრალური აზიის ბაზრების მიმართულებით განვითარებაზე უნდა გააკეთონ სწორება.

ამ კონკრეტული მონაცემებით, ვიღაცები, ვინც შემოვლითი გზებით ცდილობდა რუსეთში ავტომობილების რეალიზებას, ის ხალხი რისკის ქვეშ დგას. თუმცა ჩვენ ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში აქტიურად ვხარჯავთ თანხებს მარკეტინგისთვის. ვცდილობთ, იმ ბაზრებზე განვვითარდეთ, რომლებზეც პოტენციურად ჯამში დაახლოებით 10 მლნ მომხმარებელია და მიწოდების გარეშე რუსეთის დასანქცირების გამო დარჩა. დიახ, ვიღაცებს გაუჭირდებათ და დაეხურებათ გზები, მაგრამ ეს კარგია“, - აცხადებენ "კავკასუს ავტოიმპორტში".

დავით გულაშვილი იმასაც ამბობს, რომ სანქციების მე-11 პაკეტის მიუხედავად, საქართველოს პოტენციალი გახდეს ავტომობილების რეექსპორტისთვის ჰაბი, მზარდია.

„ცენტრალური აზიის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის კიდევ უფრო ზრდის პოტენციალს ვხედავთ. დარწმუნებულები ვართ, მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდება.

ჩვენ მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნა სრულად ადგილობრივი ბაზრიდან მოდის. ეს მანქანები, რომლებსაც ვაგზავნით, საუბარია ათასობით მანქანაზე, ადგილზე რეგისტრირდება და რჩება“, - განაცხადა დავით გულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები