„არ დაგვავიწყდეს, ჩვენი ბიზნესი საიდან მოდის... უმრავლესობის დნმ-შია მთავრობასთან გარიგებებით პირველი ნაბიჯების გადადგმა“, - ასე ახსნა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კივის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „ნერგეტას“ თანადამფუძნებელმა კოტე ვეკუამ ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოვლენებისას ბიზნესის, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის დუმილი.
„ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ მთავრობასთან გარიგებით ხდება ბევრი მსხვილი ნებართვის მიღება - იქნება ეს სამშენებლო ნებართვები თუ პრივატიზაცია... {ბიზნესმენები} დამოკიდებულები არიან და თავს იკავებენ. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, ჩვენი მსხვილი ბიზნესის უმეტესობა საიდან მოდის - 90-იანი წლების პრივატიზაციიდან და თავიდანვე მაგათ დნმ-შია მთავრობასთან გარიგებებით პირველი ნაბიჯების გადადგმა და {რაღაცების} გაკეთება და ა.შ. ამიტომ გასაკვირი არაა მათი დუმილი“, - ამბობს კოტე ვეკუა.
ამასთან, ბიზნესმენის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესი ევროკავშირის ბაზართან მჭიდროდ რომ იყოს დაკავშირებული, ხელისუფლება ევროპის ქვეყნების ლიდერების გზავნილებს და მოწოდებებს ვერ დააიგნორებდა.
„ჩვენი პრობლემა და ჩვენი შეცდომა, მათ შორის ჩემი კომპანიისაც არის შემდეგი - ქართულმა ბიზნესმა და ეკონომიკამ ვერ მოახერხა, რომ დავუშვათ ჩვენი ექსპორტის და იმპორტის 70-80% მოდიოდეს ევროკავშირის ბაზარზე; ვერ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი ტურისტების 70-80% იყოს ევროპელი ტურისტი...
ეჭვიც არ შეგეპაროთ, ასე რომ იყოს, დღეს რომ იგნორირებას უკეთებს ჩვენი მთავრობა ევროპულ მოწოდებებს, ამას ვერ იზამდა, რადგან დაინახავდა მოსახლეობის შემოსავლების {შემცირების} და ბიუჯეტის შევსების საფრთხეს. ეს არის ჩვენი სერიოზული პრობლემა... ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენს ბიზნესს {შექმნილი ვითარება} დიდად ადარდებდეს, რადგან ისინი ევროპაზე მაინც და მაინც დიდად არ არიან დამოკიდებული“, - განაცხადა კოტე ვეკუამ.