მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები გამარტივდება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

6368b216eecc3
თელარა გელანტია
07.11.22 11:18
833
ე.წ. ტაბელების წარმოება მარტივდება. კერძოდ, სავალდებულო გრაფების შევსების წესში ცვლილება შევიდა და დისტანციურად ნამუშევარი დროის ცალკე აღრიცხვა სავალდებულო აღარ იქნება. ასევე სამუშაო დროის ელექტრონულად აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების ასევე ელექტრონულად შენახვა შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

ბიზნესსექტორისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, შრომის ინსპექციისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ბიზნეს გაერთიანებებსა და პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, განახლებული შრომის კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე, განსაკუთრებით პრობლემური საკითხი, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის მოუქნელობა და სირთულე იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის გარშემო გაიმართა კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასოციაციებთან, საკითხის გადაწყვეტაში ასევე ჩაერთო ინვესტორთა საბჭო, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით.

შედეგად, ცვლილებები განხორციელდება შესაბამის ნორმატიულ აქტში, რის საფუძველზეც სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოება მაქსიმალურად გამარტივდება. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო გრაფების შევსების წესში ცვლილება შევიდა და დისტანციურად ნამუშევარი დროის ცალკე აღრიცხვა სავალდებულო აღარ იქნება.

ასევე, საწარმოებში, სადაც სამუშაო განრიგი დაკავშირებულია ცვლებთან, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება შესაძლებელი გახდება ცალკე, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისაგან დამოუკიდებლად, ხოლო ფორმის წარმოებისას აღარ იქნება აუცილებელი დასაქმებულის სამუშაოზე არგამოცხადების მიზეზების შესახებ ჩანაწერების ფორმაში ასახვა. ასევე საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ პროექტი პირდაპირ ითვალისწინებს სამუშაო დროის ელექტრონულად აღრიცხვის და შესაბამისი მონაცემების ასევე ელექტრონულად შენახვის შესაძლებლობას.

„ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივება, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ბიზნეს სექტორს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. მოხარულნი ვართ, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე თანამშრომლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შედეგიანი გამოდგა, ვინაიდან ბიზნესსექტორისთვის ბიუროკრატიული პროცედურების შემსუბუქება ხელს შეუწყობს მის ეფექტიან ოპერირებას“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები