მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაკონტროლდება 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის დარღვევის შემთხვევები? - ფერაძის პასუხი

63d8feb99ae1c
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 15:49
2530
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 40-საათიანი სამუშაო გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიების მიმართ შესაბამისი მექანიზმები იქნება გამოყენებული. ამის შესახებ ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის იმედოვნებს, რომ დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფაქტები არ გამოვლინდება, თუმცა ასეთ შემთხვევაში შრომის ინსპექციასთან მოქმედი მრჩეველთა საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება გარკვეული გამოწვევები, შრომის ინსპექციასთან არსებობს მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფკავშირების და დამსაქმებელთა ასოციაციების მიერ. ჩვენ ერთობლივად ყველა იმ გამოწვევას განვიხილავთ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ბიზნესის მხრიდან და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

დღეის მდგომარეობით სპეციფიკური სამუშაოს ნუსხას განეკუთვნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიც არის მაგალითად, სამედიცინო მომსახურება, სახანძრო სამაშველო საქმიანობები, ანუ ის კრიტიკული უწყებები, რომელთა ფუნქციონირების შეზღუდვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადო სიკეთეს. დღეს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე გადაწყდა, რომ ეს მისაღები ფორმაა. თქვენთვის ცნობილია, რომ იმ ადამიანთა და პროფესიათა ნუსხა მაქსიმალურად გაფართოვდა, რომელსაც 40-საათიანი სამუშაო რეჟიმი შეეხო.

შრომის ინსპექციას დარღვევის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს, როგორც გაფრთხილების, ასევე დაჯარიმების და სამუშაო პროცესის შეჩერების შესაბამისი მექანიზმები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოგვიწევს. ამასთანავე, როცა ვნახავთ, რომ უფლებები დარღვეულია და ადამიანს გარკვეულწილად ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულება უწევდა და მისი ანაზღაურება არ ხდებოდა, ცხადია, რომ კომპანიას დაევალება, აუცილებლად აანაზღაუროს ის გამოტოვებული პერიოდი“, - განაცხადა ფერაძემ და დასძინა, რომ საქართველოში სტანდარტული სამუშაო კვირა 40 საათით არის განსაზღვრული და იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს ზეგანაკვეთურად უწევს მუშაობა, დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური ხელფასით უნდა აანაზღაუროს.

ბექა ფერაძის თქმითვე, შრომის ინსპექცია კერძო სექტორთან შეხვედრას გეგმავს იმისთვის, რომ მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელშიც აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.

საქმე ის არის, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

სპეციფიკური საქმიანობებიდან, აღნიშნული მიმართულებების ამოღება გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები