მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვანია "ახლა", ეკონომისტებისთვის კი "შემდეგ" - ხიშტოვანი PMC კვლევითი ცენტრის გამოკითხვის შედეგებზე

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტები ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში განვითარებული პოლიტიკური პროცესები, მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ კლიმატზე, - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, სადაც მან ორგანიზაციის მიერ ივნისში ჩატარებული ეკონომისტების გამოკითხვის შედეგები მიმოიხილა. საქმე ის არის, რომ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოკითხული ეკონომისტების 97% მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად იმოქმედებს.

ხიშტოვანი ამბობს, რომ ეკონომისტებს არსებულ მდგომარეობაზე ბევრად უარესად აქვთ შეფასებული ექვსი თვის შემდეგ მოლოდინები. მისივე განმარტებით, როგორც წესი, მიმდინარე მოვლენების ეფექტებს ეკონომისტებისგან განსხვავებით სხვანაირად აფასებს ბიზნესი.

„ბიზნესის წარმომადგენლები მყისიერ შედეგებს უყურებენ და მყისიერი შედეგებიდან გამომდინარე ფასდება კონკრეტული მოვლენა. მაგალითად, ბიზნესს ამ თვეში გაყიდვები არ შემცირებია, ანუ მყისიერი შედეგი არ დამდგარა და უარყოფითი შეფასება შეიძლება არ იყოს კრიტიკული. ამ ტიპის გამოკითხვებში, შეფასების ორი ძირითადი ინდიკატორია - ახლა და შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეწონვის მეთოდით ორივეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, ბიზნესისთვის „ახლა“ უფრო მნიშვნელოვანია და ეკონომისტებისთვის - „შემდეგ“.

რა უარყოფითი ეფექტები ექნება რუსულ კანონს? - ეკონომისტები ყველაზე დაბალ ეფექტს ასახელებენ ტურიზმზე და ბიზნესის მყისიერ მდგომარეობაზე. ეკონომისტების გამოკითხვაში ჩანს, რომ ისინი უფრო დიდ რისკებს ხედავენ ევროინტეგრაციის და FDI-ის მოზიდვის, ასევე ვალუტის სტაბილურობის პროცესში.

როცა რუსული კანონის მიღებაზე დაიწყო საუბარი, ბიზნეს ასოციაციიდან წამოვიდა მესიჯი, რომ კურსის სტაბილურობა შენარჩუნებულიყო. შესაბამისად, მაკროეკონომიკურ ჭრილში, ბიზნესისთვის თუ კურსი იქნება სტაბილური და ინფლაცია არ იქნება ორნიშნა, სიტუაცია მეტნაკლებად ნორმალურია. ეკონომისტები უფრო გრძელვადიან ფაქტორებს აკვირდებიან. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს რომ განსაკუთრებით საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დანახულია ეკონომიკურ კლიმატთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი რისკები“, - განმარტა გიორგი ხიშტოვანმა.

როგორც მან განაცხადა, ყველაფერს, რაც მეორე კვარტალში მოხდა, გრძელვადიანი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ექნება.

„სამწუხაროდ ეს იმოქმედებს ასევე საინვესტიციო და საფინანსო სექტორის გადაწყვეტილებებზე და ის ქვეყანა, სადაც პოლიტიკური რისკებია გაზრდილი, არის უფრო ინვესტიციების უფრო სახიფათო ობიექტი. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ინვესტიციები შემცირდეს და ახალი ცოდნა არ შემოვიდეს“, - განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

ცნობისთვის, PMC-იმ განაახლა კვლევა “საქართველოს ეკონომიკური კლიმატი”. საშუალოდ 60–მა ეკონომისტმა შეაფასა როგორც რიცხვები, ისე ბოლო პერიოდის მოვლენები და მათი შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე – მათ შორის, ე.წ. რუსული კანონი, ოფშორების შესახებ კანონი, საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილებები და ანაკლიის პორტის მშენებლობაში გაზრდილი ჩინური ინტერესი. ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ვალუტის კურსის ცვალებადობამ. ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის – გაიზრდება წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, ხოლო ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები – შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები