მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რჩევა სებ-ის საბჭოს: „არსებულ მიკრო კრიზისში ეს გადაწყვეტილება საუკეთესო იქნებოდა“ - ინტერვიუ

6489fea9ad1e4
თელარა გელანტია
14.06.23 22:00
719
სტატიაში საუბარია:
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნებზე საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები მყარი არაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ეროვნულ ბანკში შემოდის ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს. კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნებიდან“ ამის საჭიროებას ხსნიდნენ იმით, რომ დღეს მოქმედ ორგანულ კანონში ხარვეზია და მკაფიოდ არ წერია, ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, როდესაც არაა პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 2019 წელს, გიორგი ხიშტოვანი იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი მიროტაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პარლამენტს წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

- გიორგი, რამდენად მყარია საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და შესაბამისად, ორგანულ კანონში ცვლილებების მიზანი საკანონმდებლო ვაკუუმის ამოვსებაა?

- ჩემი აზრით, მათი არგუმენტაცია ბოლომდე მყარი არ არის. თუ სებ-ის პრეზიდენტის არჩევის პროცედურას კიდევ ერთხელ შევხედავთ, ცხადია, დღესაც შესაძლებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამტკიცება, რადგან კანონის თანახმად, სებ-ის საბჭოს შეუძლია, პრეზიდენტობის კანდიდატი წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს ის. ამდენად, ფორმალურად, სებ-ის 7-წევრიან საბჭოს ამის შესაძლებლობა დღესაც აქვს. აქედან გამომდინარე, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მმართველობის სტრუქტურა არამყარია, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის; მმართველობითი ვაკუუმი, რომელზეც მსჯელობაა, რეალურად, არ არსებობს. ამდენად, გაუგებარია არგუმენტაცია ინსტიტუციური ჩარევების, რომელსაც თავად ეროვნული ბანკი არ იზიარებს და არ იზიარებენ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები, რომლებიც სებ-ის მმართველობითი სისტემის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას, ვგულისხმობ საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

- თქვენი აზრით, რა მოტივი აქვს მმართველ ძალას?

- მოტივებზე სპეკულირებაც არაა საჭირო - რამდენიმე დღის წინ, თავად მმართველმა პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ მათ ჰყავთ სასურველი კანდიდატი <ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი>, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტთან ათანხმებდნენ, რადგან სებ-ის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენა; ამ შეთანხმების ვერმიღწევა კი არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რატომ დადგა დღის წესრიგში ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საპარლამენტო დონეზე გაფორმდა.

- რატომ არის მმართველი პარტია მოტივირებული, რომ მაინც და მაინც ლაშა ხუციშვილი შეიყვანოს სებ-ის საბჭოში და შემდეგ გაიყვანოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად?

- იცით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია, თუ რატომ მაინც და მაინც ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა... ჩემი ვარაუდით, მმართველი გუნდი თვლის, რომ ლაშა ხუციშვილი იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე და როგორც მათივე განცხადებიდანაც გახდა ცხადი, ამის მცდელობაც არ დააკლეს, მაგრამ შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. ისე ვფიქრობ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის მოლაპარაკების პროცესი ბუნებრივია და არ მიმაჩნია, რომ დრამატულად უნდა შევაფასოთ ის კომუნიკაცია, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით არაა ადეკვატური შეფასება, რატომ მიდიოდა ეს პროცესები...

- კომუნიკაციის პროცესს და ფორმასაც აქვს მნიშვნელობა, დამეთანხმებით... საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საუბრობდა ზეწოლასა და შანტაჟზეც მმართველი პარტიის მხრიდან, თუმცა კონკრეტიკის გარეშე...

- ვფიქრობ, შეთანხმების ვერმიღწევის შემდეგ, მმართველი პარტიის მიერ ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიების მცდელობა არის უფრო საყურადღებო, რადგან სებ-ის, როგორც მყარი ინსტიტუციის შექმნა დიდი შრომის და ზრუნვის შედეგია და ჩემი ვარაუდით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეშფოთების მიზეზიც ეგ არის, რომ სხვადასხვა ჯგუფის კონკრეტული კაპრიზების გამო, ინსტიტუციური სტაბილურობა არ შეირყეს.

- დღესდღეობით, ლარის კურსი მეტ-ნაკლებად მყარია, ინფლაციაც მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მმართველი ძალა თადარიგს იჭერს და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრის სებ-ში გადაყვანით გავლენების გაძლიერება სურს?

- ჩემი აზრით, ეს ლტოლვა - კონკრეტულმა ჯგუფმა მმართველობის მასშტაბი გაზარდოს, ნებისმიერ სოციუმში, ქვეყანაში არის და მათ შორის - საქართველოში. რა თქმა უნდა, მოქმედი ფინანსთა მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია. ის ასოცირდება იმ მმართველ ჯგუფთან, რომელმაც აირჩია და ამ ეტაპზე, იმ პოლიტიკური ჯგუფის ლოიალურია. ამდენად, ის რისკები, რასაც ხედავს IMF და ვხედავთ საქართველოში, შეეხება ამ ადამიანის დამოუკიდებლობის ხარისხს, რომელიც შეიძლება იყოს შედარებით დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის აქტიური წევრია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ცოტათი ყურადღების მიღმა გვრჩება, არის სებ-ის საბჭოში დამოუკიდებელი წევრების ბალანსის პრინციპი, რათა შიგნიდანვე მოხდეს სებ-ის მენეჯმენტის ჯეროვანი კონტროლი. რა სურათი გვაქვს დღეს - ბოლო პერიოდში სებ-ის საბჭოში ყოფილი თანამდებობის პირების წარდგენა ხდებოდა. როგორც ჩანს, დამოუკიდებელი წევრების ნაკლებობის და ინსტიტუტის დამოუკიდებლობის რისკი დაინახა სავალუტო ფონდმა და ამიტომ იყო მისი განცხადებები ასეთი მკაფიო; რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე რისკს ვხედავთ ჩვენც. საქართველოში, რადგან კონკრეტული პირები, ვინც აფილირებულნი არიან კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება, რაღაც დონეზე იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ლოიალურები რჩებიან.

- თუ პროცესები ჩიხში შევიდა, შეიძლება, საუკეთესო გამოსავალი იყოს სებ-ის საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა არსებული 7-წევრიანი საბჭოდან, რის შესაძლებლობასაც იძლევა ორგანული კანონი...

- მიმაჩნია, რომ არსებულ სამართლებრივ სივრცეში დარჩენა და გადაწყვეტილების მიღება, იქნებოდა ძალიან კარგი გამოსავალი. ამით დამოუკიდებელი ინსტიტუტი შეძლებდა თავის სტრუქტურაში ეპოვნა გზა, არ გამხდარიყო საჭირო სხვა ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში პარლამენტის ჩარევით, მეორე ინსტიტუტის მმართველობის შეცვლა.

- ამ გადაწყვეტილებას სებ-ის საბჭოს წევრების mხრიდან ჭარბი გამბედაობა სჭირდება?

- ამას სჭირდება ინსტიტუციური სიძლიერე... მას <სებ-ის საბჭოს> ეს შეუძლია და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ მიკრო კრიზისში ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- სებ-ის 7-წევრიან საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შესაფერისი კადრები არიან?

- ვფიქრობ, არიან.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში 7 წევრია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკო გაგუა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები