მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას სერიოზულად განვიხილავდი, მაგრამ..." - პრეზიდენტის განმარტება

64a0422465f75
ინგა მურუსიძე
01.07.23 19:10
830
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას "სერიოზულად განიხილავდა", თუმცა იმდენად „შეაწუხეს“, რომ მიხვდა, ლაშა ხუციშვილი დამოუკიდებელი არ იქნებოდა. 

"ქართული ოცნების" ინფორმაციით,  მმართველი გუნდი პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილი სებ-ის საბჭოს წევრად წარდგენას სთავაზობდა, სანაცვლოდ კი, მმართველი პარტია ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. სალომე ზურაბიშვილმა კი, ამაზე უარი განაცხადა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა. შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის კანდიდატურები ჩააგდო, სებ-ის შესახებ კანონზე ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩია, რომელიც დღეს სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.

ეროვნული ბანკის საკითხს შეეხებოდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე BMG-ის დამფუძნებლის გიორგი ისაკაძის კითხვა. 

„ხომ არ არის რაიმე კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის თემატიკას, საბჭოს წევრების თემას და [„მთავარი არხის“ დამფუძნებელ] ნიკა გვარამიას შეწყალებას შორის? 22 ივნისს გამოაცხადეთ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როცა მისი საქმე უკვე მზადდებოდა სტრასბურგში გასაგზავნად და სწორედ ამავე დღეს აირჩიეს ნათია თურნავა სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად. იყო თუ არა რაიმე კავშირი ამ ფაქტებს შორის?

ასევე, პრეტედენტი, რომელიც თქვენ შემოგთავაზეს საბჭოს წევრად - ფინანსთა მინისტრის სახით, რით განსხვავდება პოლიტიკური დამოკიდებულებით საბჭოს სხვა წევრებისგან, რომლებიც იყვნენ ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მაოდგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი. მაინტერესებს, რატომ არ ჩათვალეთ, რომ ისინი პოლიტიკურად მეტად არიან დამოკიდებული მმართველ ძალაზე და რატომ შეიძლება, ლაშა ხუციშვილი იყოს ზედმეტად დამოკიდებული მათზე?“

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებას და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის არჩევას შორის კავშირს კონსპირაციული თეორია უწოდა. „არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს, თუ ჩემს სიტყვას დაიჯერებთ“,- თქვა მან.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ლაშა ხუციშვილთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ამბობს, რომ მან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურაზე სერიოზულად იფიქრა, თუმცა იმდენად დიდი ზეწოლა იყო, რომ მიხვდა, ის დამოოუკიდებელი არ იქნებოდა.

„ბორდის სხვა წევრები ჩემი კანდიდატები არ არიან, ერთის გარდა - ნათია თურნავა წარვადგინე მე, რომელიც წარდგენამდე რამდენიმე თვე აღარ იყო მინისტრი. მე არ ვარ მიამიტი და კარგად მესმის, რომ ამ ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ცოტა ძნელი საშოვნელია, მაგრამ მაინც.

ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განვიხილე ძალიან სერიოზულად, მართლა ვფიქრობდი მასზე - რატომაც არა. გავარკვიე ეროვნულ ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებთან და სხვა ქვეყნებშიც არის ამის მაგალითები, მაგრამ ორმა რამემ განაპირობა ჩემი საბოლოო გადაწყვეილება: მე ვნიშნავდი სებ-ის ბორდის წევრს და არა პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მეორე - იმ გაუთავებელმა დაჩემებამ, ზეწოლამ თუ შეხსენებამ - „როდის აკეთებ და რას აკეთებ“ - გამიჩინა ზეგანცდა, რომ ეს არის არადამოუკიდებელი ადამიანი. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს, ამ პირობებში ვერ იქნება დამოუკიდებელი. ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, რომ მისი დანიშვნა არის იმდენად აუცილებელი, რომ ამის გამო შეიძლება დაძაბო პრეზიდებტთან ყველანაირი ურთიერთობა, ესეიგი რაღაცა მჭიდრო კავშირები არსებობს და ეს აღარ არის ის, რაც უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს“,- უპასუხა BMG-ის პრეზდენტმა.

გარდა ამისა, საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამის კითხვასაც უპასუხა, თუმცა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის კონტექსტში.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის უმნიშვნელოვანესი. ორი კანდიდატი ახლა კი არ ჩამიგდეს, ორი ჩააგდეს მანამდე, მერე ამბობენ, რომ თუ ბორდის წევრს არ დავნიშნავ, ხელს უშლი სებ-ის მუშაობასო. ეროვნული ბანკი მშვენივრად მუშაობდა, არ აკლდა საბჭოში არავინ, ჰყავდა პრეზიდენტის მოვალეობის პროფესიონალი შემსრულებელი.

არ შეიძლება შენ მაწვებოდე იმაზე, რომ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება დანიშნო ბორდში და თუ არ დანიშნავ, ეს მიუღებელია. არ შეიძლება. მიუღებელია ეს. ინსტიტუციების დამოუკიდებლობა არის აუცილებელი და უნდა გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები