მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორდის ოთხი წევრიდან ჩემი კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო - ნათია თურნავა - რას იხსენებს პრეზიდენტი?

64a0471f51894
თელარა გელანტია
01.07.23 19:30
809
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2021-2022 წლებში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე პარლამენტისთვის წარდგენილი ოთხი პირიდან მისი კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე BMG-ის დამფუძნებელ გიორგი ისაკაძის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სებ-ის საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე პრეზიდენტის უარის ლოგიკას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა 2021-2022 წლებში პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის ოთხი კანდიდატი წარადგინა პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანომ ოთხივე მოიწონა. აღსანიშნია, რომ მათგან სამი აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილი წევრები არიან: ნათია თურნავა - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე მიქაბაძე - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა - ყოფილი ფინანსთა მინისტრი. მეოთხე წევრი კი ეკატერინე გალდავაა - ის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2005 - 2007 წლებში იყო. სებ-ის საბჭოში მეორედ შესვლამდე კი, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლის პოზიცია ეკავა.

„რატომ არ ჩათვალეთ, რომ ისინი პოლიტიკურად მეტად არიან დამოკიდებული მმართველ ძალაზე და რატომ შეიძლება, ლაშა ხუციშვილი ყოფილიყო ზედმეტად დამოკიდებული?“ - ჰკითხა გიორგი ისაკაძემ პრეზიდენტს.

„ბორდის სხვა წევრები ჩემი კანდიდატები არ არიან, ერთის გარდა - ნათია თურნავა წარვადგინე მე, რომელიც წარდგენამდე რამდენიმე თვე აღარ იყო მინისტრი. მე არ ვარ მიამიტი და კარგად მესმის, რომ ამ ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ცოტა ძნელი საშოვნელია, მაგრამ მაინც.

ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განვიხილე ძალიან სერიოზულად, მართლა ვფიქრობდი მასზე - რატომაც არა. გავარკვიე ეროვნულ ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებთან და სხვა ქვეყნებშიც არის ამის მაგალითები, მაგრამ ორმა რამემ განაპირობა ჩემი საბოლოო გადაწყვეილება: მე ვნიშნავდი სებ-ის ბორდის წევრს და არა პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მეორე - იმ გაუთავებელმა დაჩემებამ, ზეწოლამ თუ შეხსენებამ - „როდის აკეთებ და რას აკეთებ“ - გამიჩინა ზეგანცდა, რომ ეს არის არადამოუკიდებელი ადამიანი. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს, ამ პირობებში ვერ იქნება დამოუკიდებელი. ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, რომ მისი დანიშვნა არის იმდენად აუცილებელი, რომ ამის გამო შეიძლება დაძაბო პრეზიდებტთან ყველანაირი ურთიერთობა, ესეიგი რაღაცა მჭიდრო კავშირები არსებობს და ეს აღარ არის ის, რაც უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს“,- უპასუხა BMG-ის პრეზდენტმა.

შეგახსენებთ: 2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარუდგინა პარლამენტს, მაგრამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა ვერცერთმა მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ორი კანდიდატურა ჩაუგდეს - გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. აღსანიშნია ისიც, რომ მმართველმა ძალამ ამის შესახებ პრეზიდენტი წინასწარ გააფრთხილა. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილისგან სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების მმართველ პარტიასთან შეთანხმებას ითხოვდა.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის უმნიშვნელოვანესი. ორი კანდიდატი ახლა კი არ ჩამიგდეს, ორი ჩააგდეს მანამდე, მერე ამბობენ, რომ თუ ბორდის წევრს არ დავნიშნავ, ხელს უშლი სებ-ის მუშაობასო. ეროვნული ბანკი მშვენივრად მუშაობდა, არ აკლდა საბჭოში არავინ, ჰყავდა პრეზიდენტის მოვალეობის პროფესიონალი შემსრულებელი.

არ შეიძლება შენ მაწვებოდე იმაზე, რომ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება დანიშნო ბორდში და თუ არ დანიშნავ, ეს მიუღებელია. არ შეიძლება. მიუღებელია ეს. ინსტიტუციების დამოუკიდებლობა არის აუცილებელი და უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინსტიტუციების დამოუკიდებლობაზე საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები