მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: "ნათია თურნავა თანამდებობიდან უნდა გადადგეს"

თურნავა-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო.

სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისკენაც მოუწოდა და თქვა, რომ ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს თავიდან აარიდებს.

„პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნათია თურნავა... მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი. მას რომ უვადოდ არ გადაედო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს - რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.

პირველ რიგში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით ამ პრინციპს თავად მიაყენა ზიანი, უნდა გადადგეს.

დროა ასევე საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და თავად განახორციელოს ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, საჭიროა და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს პირველი რეალური ქმედება, იმისთვის რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს. მიუხედავად სებ-ის სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის ეს შესაძლებელია კიდევ 2 თვის მანძილზე, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. ანუ მათი გადადგომის ვადა 2 თვის შემდეგ არის. ანუ საბჭო სრულად ფუნქციონირებს და უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიდგას, რათა სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რომელიც მოსალოდნელია. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა ჰქვია და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება ვიწრო ინტერესების გამო პერსონალური თუ არა პერსონალური, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ:  მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ეროვნული ბანკი დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და მრჩეველმა, დავით ბაქრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები