მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სებ-ის პრეზიდენტი პოლიტიკურად დამოუკიდებელი და პრინციპული უნდა იყოს“ - ინტერვიუ

63ee2931019b9
თელარა გელანტია
16.02.23 17:25
906
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად, რონდელის ფონდის ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, GIPA-ს პროფესორის მერაბ კაკულიას აზრით, სებ-ის მომავალი პრეზიდენტი უმაღლესი დონის მაკროეკონომისტი და პრინციპული ადამიანი უნდა იყოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ამ თემაზე წამყვანის კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

- ახლა ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

- ბატონო მერაბ, თქვენთვისაც ხომ არ უკითხავთ რჩევა?

- შეიძლება, უკითხავთ კიდეც...

- გაუწიეთ ვინმეს რეკომენდაცია?

- დღეს მე უფრო ზოგადი პრინციპებით შემოვიფარგლები, ვიდრე - კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებით. პირველ რიგში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს მაღალი დონის მაკროეკონომისტი; მთავარი ფაქტორი იმ პროფესიული ანტურაჟისთვის, რაც უნდა ჰქონდეს ცენტრალური ბანკის პირველ პირს, არ არის ბანკირობა. სებ-ის პრეზიდენტი უწინარეს ყოვლისა, მაკროეკონომისტია, რომელიც ღრმად ერკვევა ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საგასახდელო ბალანსის და გაცვლითი კურსის პრობლემატიკაში. გარდა ამისა, დამატებით, მაკროპრუდენციული რეგულირების ძირითადი პრინციპების შესახებ ცოდნას ფლობს - ეს რაც შეეხება პროფესიონალიზმს. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული; პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პიროვნების დანიშვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, ნიშნავს იმას, რომ საფრთხის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ვინაიდან ასეთი ადამიანი, როგორც წესი ვერ აღწევს თავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული ან ახლა აქვს აღებული. სებ-ის პრეზიდენტი უნდა იყოს ტექნოკრატი...

- გავრცელებული ინფორმაციით, სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოიაზრება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავაც, რომელიც დღეს უკვე სებ-ის საბჭოს წევრია.

- ნათია თურნავას მე არ ვთვლი პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანად. ის ყოველთვის იყო ტექნოკრატი.

- მოქმედ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილზე რას იტყვით?

- მე უკვე ვთქვი, რომ სახელებით და გვარებით არ ვისაუბრებ. მთავარია, სებ-ის ახალი პრეზიდენტი იყოს მაღალი რანგის მაკროეკონომისტი და იყოს დამოუკიდებელი პერსონა; თან იყოს პრინციპული და შეეძლოს თავისი პოზიციის დაცვა, მითუმეტეს, მას აქვს ისეთი ძლიერი ზურგი, როგორიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც ყოველთვის მედგრად იცავდა ეროვნულ ბანკს, როდესაც ადგილი ჰქონდა მის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები