კაპიტალის ბაზრის ექსპერტ მარინა გულედანის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ყოველთვის ყანყალებდა, მაგრამ შარშან, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამოცემული ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების შემდეგ, ძალიან შეირყა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სარეიტინგო სააგენტო FITCH-ის ბოლო ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შექმნილ საფრთხეებზეც არის საუბარი.
IMF-ის შეჩერებული პროგრამა, დამოუკიდებლობის საფრთხეები - რას წერს Fitch-ი ეროვნულ ბანკზე?
- ეროვნული ბანკი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, ამიტომაც მისი დამოუკიდებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით“, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან და უკვე ძალიან დიდი ხანია, საქართველოში ფინანსური ბაზრის საკითხებზე ვმუშაობ, სებ-ის დამოუკიდებლობა ყოველთვის ყანყალებდა, მაგრამ შარშან, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მომენტიდან, რა თქმა უნდა, ძალიან შეირყა.
- ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემას გულისხმობთ, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ფინანსურ სანქცირებას მოჰყვა?
- დიახ... ამის შემდეგ, მართლა რამდენად დამოუკიდებელია {ეროვნული ბანკი}, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სებ-ი შეცდომებს დაუშვებს და მაინცდამაინც არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის კონტექსტში, მაგრამ კითხვის ნიშნები ყველა ვარიანტში იქნება. FITCH-ის ანგარიშშიც იყო აღნიშნული, რომ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, წლიურად $5.4 მილიარდიდან $4.6 მილიარდამდე შემცირდა... ამდენად, ყველა მხრიდან - ობიექტური რიცხვების კონტექსტშიც და ასევე, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კონტექსტში სებ-ს რეპუტაცია შერყეული აქვს.
- რა გააძლიერებს სებ-ის დამოუკიდებლობას?
- ეროვნულ ბანკს ვერაფერი გააძლიერებს საპარლამენტო არჩევნებამდე და ახალი მმართველი გუნდის დაკომპლექტებამდე. წარმოიდგინეთ, სებ-ის საბჭოს სამმა წევრმა დატოვა საბჭო; იქ ოთხი ვაკანტური ადგილია. ახლა გვაქვს კრიზისი, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა წარადგინოს საბჭოს წევრობის კანდიდატები და პარლამენტმა კი - დაამტკიცოს.
- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ პარლამენტი მოუწოდებს, ყველა წარადგინოს...
- ფაქტობრივად, გაჭედილი მდგომარეობაა. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ სანამ არჩევნები არ ჩატარდება, არ შედგება ახალი პარლამენტი და სებ-ის საბჭო ხელახლა არ დაკომპლექტდება, მათ შორის სანამ პრეზიდენტი არ გვეყოლება, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე საუბარი, არის ზედმეტი. ინსტიტუციას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური წევრებით დაკომპლექტებული საბჭო.
- არ ფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ სებ-ის არსებული აღმასრულებელი რგოლიც ხმამაღლა ისაუბრებს სებ-ის საბჭოს დაკომპლექტების მნიშვნელობაზე?
- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სებ-ის საბჭოს არსებულ შემადგენლობაში ვინმემ ხმა ამოიღოს?
- რთულად, მაგრამ კარგი იქნებოდა...
- მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი. არავისზე ვარ დამოკიდებული. წლებია ქვეყნის გარეთ ვმუშაობ, არ ვფინანსდები ქართული წყაროებით და შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ 25 წელია, ვაკვირდები რა ხდება საქართველოს სამთავრობო და ფინანსურ დაწესებულებებში, მათ შორის დამოუკიდებელი მარეგულირებლების კანონმდებლობაზეც მაქვს ნამუშევარი 2001 წელს, 23 წლის წინ; სებ-ის დამოუკიდებლობა როგორიც უნდა იყოს, ეს ორგანული კანონითაც არის გამყარებული, მაგრამ გასაგებია, რომ არ სრულდება. რას მეკითხებით - რატომ არ იღებენ ხმას ვიცე-პრეზიდენტები?! ვინც ხმის ამომღები იყო, წავიდა.
რა შემთხვევაში განიხილავს პარლამენტი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს? - პაატა კვიჟინაძის პასუხი