დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის ინფორმაციით, მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შოთა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა იმ საკითხების მიმდინარეობა, რომელიც წლის დასაწყისში გაჟღერდა ბიზნეს ასოციაციის მხრიდან და რომელთა ნაწილის გათვალისწინება მოხდა კომიტეტის მიმდინარე წლის გეგმაში.
“გვქონდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან. მათი მხრიდან 7-8 საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა შეხვედრის ფარგლებში და აქედან 3 ინიციატივაზე შევძელით შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. დარჩენილ საკითხები ჩვენი კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში არის და ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ეს საკითხებიც გადაწყდება. ზოგადად, ჩვენი კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესის საჭიროებებს და ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში მიგვაჩნია რომ ბიზნესმა უნდა შეასრულოს მისი მთავარი ფუნქცია - ქვეყანაში დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნა. რაც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. რადგან, მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდელობის და სუვერენიტეტის გარანტი და ის განსაზღვრავს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას,” - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომენტარი გააკეთა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემაც. შოთა ბერეკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფხაკაძემ თქვა, რომ 7-8 საკითხზე იყო პრეზენტაცია და რამდენიმე საკითხიც გადაწყდა.
“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს შეხვედრებს ბიზნესისთვის საინტერესო საკითხებზე. დღეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან, 7-8 საკითხზე გავაკეთეთ პრეზენტაცია, რამდენიმე საკითხი გადავწყვიტეთ და სხვა ინიციატივებზე მივიღეთ დაპირება, რომ იქნება განხილული. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნესის აქტივობის კიდევ უფრო ზრდას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშო ადგილების შექმნას. სწორედ ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი, რომ დავეხმაროთ ჩვენ წევრ კომპანიებს საქმიანობაში, რათა უკეთ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ბიზნესი და ეკონომიკა", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.