"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას პლასტიკის (PET) ბოთლების აკრძალვის 4 წლით გადავადების შესახებ, გარემოს დამცველი და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ტოტალური და ერთბაშად მიღებული აკრძალვები გარემოსდაცვითი მართვისთვის მიუღებელია, თუ ის ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს არ ითვალისწინებს.
BMG-სთან საუბრისას ნინო ჩხობაძე განმარტავს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და ბიზნესმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რათა აკრძალვის ძალაში შესვლა უმტკივნეულო იყოს.
"საერთოდ, ტოტალური აკრძალვები გარემოსდაცვითი სექტორის მართვას არ ახასიათებს და ეს ყოვლად დაუშვებელია. როცა გარემოს დაცვის მართვაზე ვსაუბრობთ, აქ ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული სამი კომპონენტი: გარემო, ეკონომიკა და სოციალური ფაქტორი. გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღება, როცა ეს სამივე ფაქტორი თანხვედრაში მოდის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუ ის ეკონომიკურად გამართული არ არის, ძალიან რთულად მისაღებია. აკრძალვის გადადება თავისთავად კარგია, რადგან ეტაპობრივი ცვლილებები ბევრად სჯობს ერთბაშად რაიმე ქმედების განხორციელებას. თუმცა, ახლა აუცილებელია კარგად დაიხვეწოს მექანიზმი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს პროცესი“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.
გარემოს დამცველი ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზე და აცხადებს, რომ პირველი რიგის ამოცანა "შესაფუთი მასალების რეგლამენტის" დროული მიღებაა, რომელიც ამჟამად შეფერხებულია.
„რა არის საჭირო დღეს? პირველ რიგში, შესაფუთი მასალების რეგლამენტი, რომელიც უკვე დამუშავებულია. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ არის ის პარლამენტში, რადგან ეს მინისტრთა კაბინეტის საქმეა და დროულად უნდა იყოს მიღებული. განსხვავებით სხვა რეგლამენტებისგან (როგორიცაა საბურავებზე, ელექტროხელსაწყოებსა და ზეთებზე შემუშავებული წესები), რომლებმაც ჯერჯერობით თვალსაჩინო შედეგი ვერ გვიჩვენეს, შესაფუთი მასალების რეგლამენტი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაეყრდნობა და ბიძგს მოგვცემს სეპარირებისკენ. ეს უმნიშვნელოვანესია - ნაგავი ნარჩენად უნდა ვაქციოთ, რადგან ნარჩენი შემდგომ გადამუშავებას ნიშნავს. გარემოსდაცვით მართვაში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნავს ჩხობაძე.
ჩხობაძის თქმით, ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა კომპლექსური პროცესია, რომელიც ინფრასტრუქტურის განახლებასა და საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს.
"ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს გონივრულად განსაზღვრული, ეკონომიკურად დასაბუთებული და სოციალურად მნიშვნელოვანი. პირველი ნაბიჯი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეგლამენტის მიღებაა, რასაც სერიოზული სეპარირების დაწყება უნდა მოჰყვეს. მოსახლეობა ამისთვის მზად უნდა იყოს, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა შემგროვებელი სამსახურების ტექნიკური უზრუნველყოფაა. ბევრი რამ გვაქვს გადასახედი - მართვის სისტემაში რა სჯობს: ააიპ-ების თუ შპს-ების არსებობა? უნდა მოწესრიგდეს ნაგავსაყრელები, ე.წ. ნარჩენების პოლიგონები; მაღალმთიან რეგიონებში უნდა გაკეთდეს გადამტვირთავი სადგურები.
ეს არის ნარჩენების შეგროვების, განთავსებისა და გაუვნებელყოფის მთლიანი სისტემა, რომელიც ერთობლივად არის დასაწყები. მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ სრულად ასახავს იმ სტრატეგიას, რომელიც საქართველოს აქვს მიღებული", - აცხადებს ჩხობაძე.
გარემოს დამცველი ბიზნესს აფრთხილებს, რომ 4-წლიანი საშეღავათო პერიოდი მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან გლობალური სტანდარტები პლასტიკის მიმართ სულ უფრო მკაცრდება.
"ზოგადად, დღეს მსოფლიო ეძებს გამოსავალს, როგორ ჩაანაცვლოს პლასტიკი და როგორი ახალი სტანდარტები მიიღოს ბოთლებთან დაკავშირებით. მაგალითად, საქართველოში ჩამოსხმული პროდუქტის ბოთლები და ევროპაში გასაყიდად დაშვებული ბოთლები ერთმანეთისგან სისქითა და მასალით აშკარად განსხვავდება. მსოფლიოში ახალი სტანდარტები შემოდის, რათა შეფუთვა ნაკლებად მავნე იყოს ადამიანისთვის, ნაკლებად აბინძურებდეს გარემოს და ადვილად დეგრადირებადი (შლადი) იყოს. ამიტომ, ამ 4 წლის განმავლობაში მეწარმემ კი არ უნდა დაივიწყოს, რომ ეს რეგულაცია არსებობს და აკრძალვისკენ მივდივართ, არამედ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ როცა აკრძალვა ამოქმედდება, ის მისთვის ეკონომიკურად დამაზიანებელი აღარ იყოს", - აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
სასმლის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვის 4 წლით, 2031 წლამდე გადავადების შესახებ ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა.
ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2027 წლის 1 თებერვლიდან იგეგმებოდა. გამონაკლისი წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს შეეხებოდა.



























