მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა, გვალვები“ - რა იწვევს ექსტრემალურ სიცხეს და როგორ უნდა მოვიქცეთ?

ზაფხული, სიცხე

ევროპა ექსტრემალურ სიცხეებს ებრძვის. საფრანგეთის გარდა, რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთშიც, რაც გაგრილების სისტემების მოხმარების გამო ენერგოსისტემაზე დაწოლას ზრდის.

როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, მიზეზი აფრიკიდან მომავალი ცხელი ჰაერის მასებია, რომლებიც ევროპისკენ გადაადგილდება და სითბური ტალღების ფორმირებას უწყობს ხელს. პარალელურად, აქტიურად განიხილება ელ-ნინიოს გავლენაც.

„მაღალი ტემპერატურაა გერმანიაში და ლონდონშიც, რაც იქაური კლიმატისთის რეკორდულადაც განიხილება. ეს სერიოზულ დატვირთვას აყენებს ენერგოსისტემებს, რადგან მკვეთრად იზრდება გაგრილების სისტემების მოხმარება. ზოგიერთ რეგიონში სიცხე იმდენად ინტენსიურია, რომ კონდიცირების სისტემებიც კი ვეღარ უზრუნველყოფს სათანადო გაგრილებას.

ამ მდგომარეობის ერთ-ერთ მიზეზია აფრიკიდან ევროპისკენ მომავალი ცხელი ჰაერის მასები, აქტიურად განიხილება ელ-ნინიოს გავლენაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი ეფექტები, როგორც წესი, მოგვიანებით ვლინდება, ევროპაში უკვე შეინიშნება ანომალიურად მაღალი ტემპერატურები. ეს არის იმის შედეგი რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ თვითონ კლიმატი იცვლება პლანეტაზე და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ნელ-ნელა უფრო მეტად მძლავრი იქნება.იქ, სადაც დღეს ცხელა, მომავალში უფრო მეტად დაცხება, სადაც უხვი ნალექებია, ნალექის რაოდენობა გაიზრდება, ხოლო გვალვიანი რეგიონები კიდევ უფრო ხანგრძლივი გვალვების წინაშე აღმოჩნდებიან,“ - განაცხადა ჩხობაძემ.

გარემოს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფრთხის სრულფასოვანი აღქმა საზოგადოების და პოლიტიკის დონეზე ჯერ კიდევ არ არსებობს, შესაბამისად როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილებაზე სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებაზე მუდმივად ვსაუბრობთ, საზოგადოების და პოლიტიკის დონეზე ჯერ კიდევ არ არსებობს ამ საფრთხის სრულფასოვანი აღქმა. ვიცით, რომ ტემპერატურა იზრდება, მსოფლიო ოკეანის დონე იმატებს და ეს პროცესი საქართველოს სანაპიროზეც აისახება, თუმცა ხშირად ისე ვმოქმედებთ, თითქოს გარემო პირობები არ იცვლება,“ - ამბობს ჩხობაძე.

რაც შეეხება საქართველოს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 15 ივლისამდე ქვეყანაში ნალექი შენარჩუნდება, შემდეგ კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ძლიერი სიცხეები გავრცელდება. მოლოდინია რომ განსაკუთრებით ცხელი აგვისტო იქნება.

პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია ხანგრძლივი გვალვები, ზამთარში კი მათი გათვლებით კლიმატური ცვლილება გავლენას იქონიებს კავკასიონის რეგიონზე.

„გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან ჩრდილოეთიდან შემომავალ ცივ ჰაერის მასებს შეუძლიათ საერთო სურათის შეცვლა. ამის მაგალითი იყო ის გარემოება, როდესაც მაღალი ატმოსფერული წნევის ფონზე მაისში თოვლიც კი დაფიქსირდა.

ცნობილია, რომ ელ-ნინიოს გავლენის დროს იზრდება ძლიერი წვიმების, წყალდიდობების, გვალვებისა და მაღალი ტემპერატურის ალბათობა. საქართველოსთვის განსაკუთრებით პრობლემურია მთიანი რეგიონები, სადაც შეიძლება გააქტიურდეს მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. მოსალოდნელია მოკლე დროში დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლა, რაც ზრდის სტიქიური მოვლენების რისკს.ასეთი ტიპის მოვლენების მაგალითია ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქია, როდესაც მოკლე პერიოდში მოსულმა ინტენსიურმა ნალექმა მძიმე შედეგები გამოიწვია. მსგავსი პროცესები არ არის დასამალი და მოსალოდნელია, რომ მომავალშიც მოხდება - მეწყრების, ღვარცოფების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი საფრთხეების სახით.

უკვე დღეს საქართველოში შეინიშნება უჩვეულო ამინდის მოვლენები, მათ შორის ძლიერი სეტყვები, რაც კლიმატის ცვლილების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გამოწვევა ხდება,“ - აცხადებს ჩხობაძე.

სპეციალიტები ცენტრალური და ადგილობრივ მთავრობების წარმომადგენლებს მომზადებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სტიქიური მოვლენების რისკის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეული გაფრთხილების სისტემებს.

სიცხეების ზრდასთან ერთად მოსალოდნელია ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი მატებაც. კონდიცირების სისტემების ფართო გამოყენება ენერგოსისტემაზე დამატებით დატვირთვას შექმნის, რაც პიკური მოხმარების პერიოდებში განსაკუთრებულ გამოწვევად იქცევა.

„მხოლოდ 112-ის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებები საკმარისი არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შესაძლებელია ისეთი პლატფორმების შექმნა, რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ რეკომენდაციებს მიაწვდის: როგორ მოიქცნენ ღვარცოფის, წყალდიდობის, ძლიერი სიცხის ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს, სად გადავიდნენ უსაფრთხოდ. რამდენი წყალი მიიღონ მაღალი ტემპერატურის პირობებში და როგორ დაიცვან ჯანმრთელობა. ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს.

სითბურმა სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ გარე აქტივობებისთვის უფრო უსაფრთხოა დილის ან საღამოს საათები. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ იზრდება ზღვის, ტბებისა და მდინარეების წყლის ტემპერატურაც, რაც გავლენას ახდენს როგორც ეკოსისტემებზე, ისე ადამიანის საქმიანობაზე. ეს პროცესი მომავალში დამატებით ეკოლოგიურ და სოციალურ გამოწვევებს შექმნის, რის გამოც აუცილებელია გარემოში მიმდინარე ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების გატარება,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ნინო ჩხობაძემ.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო ათობით ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 13 წლის გოგონა. ტემპერატურის აწევის გამო დაიკეტა ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი. როგორც BBC წერს, ლუვრის მუზეუმის განცხადებით, მისი ისტორიული შენობა „კლიმატის ცვლილებასთან საკმარისად ადაპტირებული არ არის“.

სიცხემ საფრანგეთში ელექტროენერგიის მიწოდების პირველი მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. დაახლოებით 68 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები