"ბათუმელების" ინფორმაციით, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. როგორც გამოცემა წერს, დღეს, 24 იანვარს კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს.
"მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ნარკოდანაშაულის საქმეზე საპროცესო გაუფორმეს და 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით. გალიფ ოზთურქს პროკურატურა ედავებოდა ფინანსური დანაშაულის ჩადენას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დაადასტურა პროკურატურას და ოზთურქს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. უკანონო შემოსავლის ლეგალიზების [ფულის გათეთრება] საქმეზე ბიზნესმენს ამჯერად ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობით.
ასევე, სახელმწიფომ ბიზნესმენს ჩამოართვა უძრავი ქონება ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში. საუბარია იმ კორპუსებზე, რომელიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.
ამჯერად, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი აამოქმედა პროკურატურამ ოზთურქის წინააღმდეგ, რაც ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევას გულისხმობს. ოზთურქი ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ქონება ოზთურქის ჩამოართვეს იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც პროკურატურის ვერსიით, ოზთურქიმ მიაყენა სახელმწიფოს და რაც დაახლოებით 23 მილიონი ლარად შეფასდა.
„ამას გარდა, ჯარიმა დაგვეკისრა 100 ათასი ლარი დამატებითი სასჯელის სახით,“ – ამბობს რობერტ გრიგალაშვილი „ბათუმელებთან“.
გოგოლის ქუჩა 11 ბ-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. რას უპირებს ამ ქონებას სახელმწიფო?
„საკითხი განხილვის და გადაწყვეტის პროცესშია“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან. უცნობია, რა ბედი ეწია სასამართლო დავას, როცა ბათუმის მერიამ კორპუსების აშენების შემდეგ თქვა, რომ კორპუსები უკანონოდ აშენდა", - იტყობინება "ბათუმელები".




























