საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო ბიზნესმენები მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ.
მასალა განახლებადია
"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ (BAG):
"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ეს არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო საქართველოს სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო.
პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში განუზომელია.
ვუსამძიმრებთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.
მისი უკვდავი სახელი და დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიასა და ჩვენს გულებში, როგორც ქვეყნის სიყვარულისა და შემწყნარებლობის მაგალითი",- აღნიშნულია ასოციაციის წერილში.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BAG) პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე:
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა განუყოფელად უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიას — იგი იყო ჩვენი სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო, რომელიც ურთულეს პერიოდებში ერის გამაერთიანებელ ძალად გვევლინებოდა.
პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურის, განათლებისა და სულიერი ღირებულებების შენარჩუნებასა და განვითარებაში განუზომელია. მისი შეუფასებელი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და საზოგადოების მორალური საფუძვლების გაძლიერებაში სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ისტორიაში.
მისი სიტყვა, სიბრძნე და სიყვარული ადამიანების მიმართ მრავალი თაობისთვის იქცა იმედის, რწმენისა და სულიერი სიმშვიდის წყაროდ.
მისი უკვდავი სახელი და დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულებში — როგორც ქვეყნის სიყვარულის, შემწყნარებლობისა და ადამიანური ღირსების უმაღლესი მაგალითი…",- დაწერა სოსო ფხაკაძემ linkedin-ზე.
BDO-ს რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ლალაზაშვილი:
"ძალიან დიდი დანაკლისი საქართველოსთვის, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი სულიერი ლიდერი — სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.
მისი წვლილი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში შეუფასებელია — სიბრძნით, სიმშვიდით და ერთიანობის იდეით ის ათწლეულების განმავლობაში გვაერთიანებდა და მასთან ერთად დიდი ეპოქა დასრულდა!
განსაკუთრებით სამწუხაროა ჩვენი ოჯახისთვის - ილია II იყო ჩვენი ხუთი შვილის ნათლია.
გულწრფელი სამძიმარი მთელ საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს",- დაწერა ზურაბ ლალაზაშვილმა linkedin-ზე.
“ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა:
"უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს და ისტორიულად გადამწყვეტ პერიოდში ჩაუდგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქცა არა მხოლოდ სულიერ ლიდერად, არამედ ერის მამად, გამაერთიანებელ ძალად და იმედის სიმბოლოდ.
ილია II-ის ღვაწლით აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგა და აშენდა არაერთი ტაძარი და მონასტერი, განმტკიცდა სარწმუნოება და ქართული ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
მისი ინიციატივით დამკვიდრდა საყოველთაო ნათლობა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააკავშირა ეკლესიასთან და ერთმანეთთან.
ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც უპირობოდ უყვარდა თავისი ერი და ერი, თავის მხრივ, უსაზღვრო სიყვარულით ჰპასუხობდა. მთელი საქართველო ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის. უწმინდესის სიტყვა იყო ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა - ძალა და იმედი.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.
უფალმა ნათელში დაამკვიდროს ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული",- წერია ავიაკომპანიის სამძიმრის წერილში.
"ბადაგონის" გუნდი:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
20 წლის წინ, „ბადაგონის“ დაარსების პირველივე დღეებიდან, პატრიარქი ჩვენს გვერდით იდგა და მისი ლოცვა-კურთხევა დღემდე, ჩვენი გზის წარმმართველია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და შემწეობით, საფუძველი ჩაეყარა ალავერდის ეპარქიისა და კომპანია "ბადაგონის" ქვეყნისთვის უპრეცედენტო თანამშრომლობისა და ეპარქიის განვითარების პროგრამას.
იგი გახლდათ თითოეული ჩვენი წარმატებისა თუ სირთულის გულითადი გამზიარებელი. სწორედ მისი ლოცვითა და ალავერდის ეპარქიის თანადგომით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები: - ალავერდის მონასტრის XI საუკუნის ისტორიული მარნის აღდგენა, მონასტრის სიძველეთსაცავის მშენებლობა, ზემო ხოდაშნის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელისა და დიდმოწამე ევსტათი პლაკიდას სახელობის ეკლესიის მშენებლობა, ისულის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის აგება, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის დაარსება, ალავერდის პილიგრიმთა სასტუმროს მშენებლობა და მრავალი სხვა კეთილი საქმე.
მისი ღვაწლი და სითბო სამუდამოდ ჩვენთან დარჩება. გვწამს, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან კვლავაც ილოცებს ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის",- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
„ავერსი ფარმა":
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ილია II ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ერთიანობის სიმბოლო. მისი წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც მართლმადიდებელი სამყაროსთვის, ისე თითოეული ქართველისთვის.
ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდს, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს“,- წერს კომპანია სამძიმრის წერილში.
„ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ (EBA):
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს“,- დაწერა ასოციაციამ სოციალურ ქსელში.
„ენერგო-პრო ჯორჯია“:
„ენერგო-პრო ჯორჯია“ მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ის გარდაცვალების გამო.
უზომოა მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერი გაძლიერების, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო ქვეყნის ერთიანობის და მშვიდობის სიმბოლო, რომლის სიბრძნე და სიყვარული მუდამ დარჩება ჩვენი ერის მეხსიერებაში.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას და მის უწმინდესობასთან სულიერ კავშირში მყოფ თითოეულ ადამიანს",- წერს კომპანია.
Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე:
როგორც საქართველოს მოქალაქე, მე მთელი გულით ვიზიარებ იმ ღრმა მწუხარებას, რომელსაც დღეს საქართველოს მოსახლეობა განიცდის. ჩვენი სულიერი ლიდერის, ილია მეორეს გარდაცვალება არ არის მხოლოდ დიდი ადამიანის დაკარგვა; ეს ჰგავს მშვიდობის კარის დახურვას, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა. თავისი ბრძნული პიროვნებითა და გამაერთიანებელი ძალით, ის იყო ჩვენი საზოგადოების საფუძველი, რომელიც ავლენდა მშვიდობის დამყარების ურყევ ნებას. ჩვენ ყოველთვის მადლიერებით გავიხსენებთ მის განსაკუთრებულ სიყვარულს თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების მიმართ და მის გულწრფელობას, რომელიც საზღვრებს სცილდებოდა. მისი ძალისხმევა გულების იმ ძლიერი ხიდების აგებაში, რომლებიც გვაკავშირებს, არასდროს დავიწყებას მიეცემა. ასეთი ძვირფასი პიროვნების გარდაცვალებამ ღრმად შეგვძრა. ჩვენი მწუხარება უდიდესია. დაე, მის მიერ ანდერძით დატოვებული მშვიდობიანი სულის ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლოს ჩვენს გულებში. დაე, მისი სული მშვიდად განისვენოს.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემური ჭყონია:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის, მართლმადიდებლობის, მთლიანად საქრისტიანოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია.
უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ცხოვრება და ეპოქალური მსახურება არასდროს მიეცემა დავიწყებას. ის დარჩება, როგორც სულიერი წინამძღოლი, რომლის სიტყვა და საქმე კვლავაც გააგრძელებს გზის ჩვენებას მომავალი თაობებისთვის.
მისი გარდაცვალება მძიმე და შეუვსებელი დანაკლისია ჩვენი ოჯახისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, საქართველოსა და მთლიანად საქრისტიანოსთვის.
მშვიდად განისვენოს მისმა სულმა",- წერია სამძიმრის წერილში.




























