მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესმენებს 3 კატეგორიად დავყოფდი“ – თედ ჯონასი

თედ ჯონსი

ამერიკელი ბიზნესიურისტი თედ ჯონასი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ დღეს ბიზნესმა მხარე უნდა აირჩიოს და ეს მხარე საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ერთგულება უნდა იყოს.

ამის შესახებ, თედ ჯონასი „ანალიტიკა“–ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტად ბიზნესის ის კატეგორია აცოფებს, რომლებიც ქართული ოცნების მზეს იფიცებენ“.

- მოგწონთ ბიზნესის პოზიცია?

- რა თქმა უნდა – არა.

- უნდა დაიჭირონ მხარე?

- აუცილებლად.

- გაქვთ არგუმენტი, რატომ არ აკეთებენ ასე?

- დიახ. ეშინიათ. მხდალები. მოდი ასე ვთქვათ – ჩემთვის ადვილია შეფასება, არა? მე არ მაქვს ისეთი რისკები, როგორც მათ აქვთ.

ბევრ ბიზნესმენს ვიცნობ და მათ სამ კატეგორიად დავყოფდი. პირველი – ბიზნესმენები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ მხარი დაუჭირონ მთავრობას. შუაშია ჯგუფი – რომლებიც ცდილობენ, უბრალოდ, გადარჩნენ. მყავს ნაცნობი მსხვილ ბიზნესში, ვისაც ამ კატეგორიაში მოვათავსებდი. ათასობით დასაქმებული ჰყავთ, მილიონები ინვესტიციების სახით, საჯარო შეთავაზებები ევროპაში – ბევრი რამ დგება რისკის ქვეშ. ერთი მხრივ – ძალიან პროდასავლურები არიან, პროამერიკულები, მხარს უჭერენ ჯარს, ნატო–ს, სჯერათ დასავლური იდეალების, მაგრამ მთავრობას დიდი წნეხი და ძლიერი ბერკეტები აქვს მათ წინააღმდეგ. საგადასახადო, ფინანსური პოლიცია, მარეგულირებლები – ეს ყველაფერი წნეხისთვის გამოიყენება. არ შეუძლიათ ხმის ამოღება – რადგან არა მხოლოდ ბიზნესი ჩამოეშლებათ, არამედ ათასობით დასაქმებული, აქციონერი, ბონდის მფლობელი დაზარალდება. მესმის მათი სიტუაცია და როცა ვამბობ მხდალები – ასე არ მინდა მათი გაკრიტიკება. და მესამე – ბიზნესი, რომელიც უფრო ღიად უჭერს მხარს ოპოზიციას – ამ კატეგორიაში რამდენიმე გამოჩენილი ბიზნესმენია, რომელიც არ ერიდება ოპოზიციის მხარდაჭერას.

ყველაზე მეტად მაცოფებს პირველ კატეგორიაში მყოფი ბიზნესი. რომლებიც ქართული ოცნების მზეს იფიცებენ. საქართველოს ბიზნესასოციაცია, მისი ლიდერები – სოსო ფხაკაძე – მისი ძმა – ლევან ფხაკაძე – განცხადებებს ავრცელებენ და მხარს უჭერენ გამჭვირვალობას. ეს იგივეა რაც რუსულ კანონს. არ ვიცი, ახლა რას ფიქრობს. მაგრამ მაშინ ვიფიქრე, რომ ეს მხდალი საქციელი იყო. ამერიკის სავაჭრო პალატამ, მაგალითად, რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადება გამოაქვეყნა. არ ჩანს, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია წინააღმდეგობას უწევს ზეწოლას. უნდა გაუწიონ. ყველა ეს მსხვილი კომპანია – Wissol; Dunkin' Donuts; Wendy's – ეს ყველა ამერიკული ბრენდია. და ანტი–ამერიკულ მთავრობას უნდა უჭერდეს მხარს? კომპანიები – თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი – რომელთა აქციებიც საფონდო ბირჟებზე ივაჭრება – რისკის ქვეშ არიან იმის გამო, რაც აქ ხდება. იმიტომ რომ კურსი იცვლება. ბონდების მფლობელი კომპანიები – უნდა დაიცვან ეს კომპანიები.

ერთად უნდა შეიკრან, როგორც ასოციაციამ უნდა განაცხადოს, რომ ჩვენ ვეწინააღმდგებით ამ მთავრობის ანტი–დასავლურ კურსს და რიტორიკას. ყველა ერთად რომ დადგეს და ეს თქვას – რა უნდა დამართოს მათ ბიძინამ? ერთად თუ დადგებიან – ეს საქართველოს მთელი ეკონომიკაა. მჯერა, რომ ყველა პრო–დასავლელია. უნდა იპოვონ ძალა და წინააღმდეგობა გაუწიონ ამ მთავრობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები